ალისონისა და კელეჰერის გაყიდვას გეგმავენ | მამარდა ლივერპულის პირველი მეკარე იქნება
TBR Football-ი „ლივერპულის“ სამომავლო გეგმებზე წერს და ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „წითლებს“, გიორგი მამარდაშვილთან მიმართებით, გეგმა შემუშავებული აქვთ.
ქართველი მეკარე მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ვალენსიაშია“ განათხოვრებული. 2025 წლის დასაწყისში, „ლივერპულის“ წარმომადგენლები „მამარდას“ დაუკავშირდებიან და მასთან სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
თუ ვითარება არ შეიცვლება, მამარდაშვილის გადასვლა ალისონისა და კაომინ კელეჰერის მომავალზე გავლენას მოახდენს. მერსისაიდელებს „მამარდაზე“ დიდი ავანსები აქვთ გაცემული და TBR Football-ის ცნობით, მზად არიან, როგორც ალისონი, ისე კელეჰერი გაუშვან. წარსულში, ალისონს საუდის არაბულ კლუბებს უკავშირებდნენ, კელეჰერით კი „ჩელსია“ დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ მამარდაშვილის ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდა. ალისონის ტრავმიანობიდან გამომდინარე, იყო ვარაუდი, რომ შეიძლებოდა, „წითლებს“ ის „ენფილდზე“ იანვარში გადაეყვანათ, მაგრამ ბრაზილიელი მეკარის არყოფნაში, კელეჰერი მაღალ დონეზე ასპარეზობს და პრაქტიკულად გამორიცხულია, სეზონის ბოლომდე რამე შეიცვალოს.