ჯონსი P4P რეიტინგის განახლებას გამოეხმაურა | პერეირა თვლის, რომ ბოუნსი პირველია
ჯონ ჯონსი, რომელმაც ბოლო ორთაბრძოლა UFC 309-ზე, სტიპე მიოჩიჩის წინააღმდეგ გამართა და ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა, Pound for Pound რეიტინგის (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) განახლებას გამოეხმაურა. „ბოუნსი“ მე-3 პოზიციას იკავებდა და მიოჩიჩის დამარცხების შემდეგ, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
„ბედნიერი ვარ, რომ 37 წლის ასაკში Pound for Pound რეიტინგში მეორე ადგილს ვიკავებ“, - დაწერა ჯონსმა X-ის საკუთარ გვერდზე.
საინტერესოა, რომ UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის აზრით, ჯონსს ისლამ მახაჩევისთვის უნდა გადაესწრო და მეორე კი არა, პირველი უნდა ყოფილიყო. ამ მოსაზრებას ალექს პერეირაც იზიარებს. „პოატანმა“ ჯონსი პირველ ადგილზე გადაიყვანა და დაწერა: „მხოლოდ ამ ცვლილებით ვიქნები კმაყოფილი“.
გეტყვით იმასაც, რომ Pound for Pound რეიტინგში პირველი ისლამ მახაჩევია, პერეირა კი მესამე გახლავთ. ბრაზილიელს ილია თოფურია მოჰყვება, მე-7 პოზიციას კი კიდევ ერთი ქართველი, მერაბ დვალიშვილი იკავებს.