„წარმატებას ერთიანობით მივაღწიეთ“ | რა თქვეს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა, ლუკა ხარატიშვილმა, ნოდარ ლომინაძემ და გაბრიელ სიგუამ ხორვატიასთან გამართულ მატჩზე ისაუბრეს. ჩვენმა ახალგაზრდებმა ისტორია დაწერეს და ევროპის ჩემპიონატის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს.
გიორგი აბუაშვილი
„ზოგადად პენალტების სერია ძალიან რთულია. მით უმეტეს, რომ გოლი ბოლო წუთზე გავუშვით, მაგრამ ჩვენ ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად ვიყავით და შედეგიც სახეზეა''.
ვასილიოს გორდეზიანი
„ბედნიერები ვართ, ძალიან მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ძალიან რთული თამაში იყო, დამატებითი დრო დაინიშნა, პენალტებში მოვიგეთ. პენალტებისთვის მზად ვიყავით, გუშინ ვარჯიშზე პენალტები დავარტყით და ვნახეთ ვის უნდა შეესრულებინა პენალტები. დღეს ვნახეთ, ვინც გაიტანა პენალტები. დიდი მადლობა, ბედნიერები ვართ''.
ლუკა ხარატიშვილი
„უბედნიერესი დღე არის ჩემთვის და მთლიანად საქართველოსთვის, რადგან ისტორიული შედეგი დავაფიქსირეთ. გავიმარჯვეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ემოციებით ვარ სავსე. ბოლო წუთზე, დასანანი გოლი მივიღეთ, მაგრამ ეს თამაში ჩვენ უნდა მოგვეგო და ისე დასრულებულიყო, როგორც დასრულდა. ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში გვამხნევებდნენ. უბედნიერესი ვარ და სიტყვებით ჯერ კიდევ ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ“.
ნოდარ ლომინაძე
„ძალიან დაძაბული მატჩი იყო. შეხვედრისას იყო რთული მომენტები, რომლებიც შეიძლებოდა ბევრს ვერ გადაელახა, მაგრამ ერთად დგომითა და ერთიანობით მიზანს მივაღწიეთ. ჩვენი გუნდის მთავარი ძალა ერთიანობაა და მჯერა, ევროპის ჩემპიონატზე დადებით შედეგს დავაფიქსირებთ“.
გაბრიელ სიგუა
„უზომოდ ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, ყველაფერი დავიმსახურეთ. უდიდესი შრომა გავწიეთ და მაქსიმუმი გავიღეთ, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. საერთოდ სხვა შეგრძნებაა, როცა ევროპის ჩემპიონატზე ასე დამსახურებულად ხვდები. ჩანს თუ რა გზა გვაქვს გავლილი და ევროპაზე მაქსიმუმს გავაკეთებთ“.
ცნობისთვის, შეხვედრაში ანგარიში, მე-10 წუთზე, სტუმართა შემტევმა დიონ ბელომ გახსნა, 28-ე წუთზე კი ლუკა გაგნიძემ შორეული დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მეორე ტაიმის 63-ე წუთზე, ბელომ ჩვენ კარში დანიშნული პენალტის ზუსტად შესრულებით დუბლი მიითვალა. ანგარიშის კვლავ გათანაბრება ნოდარ ლომინაძემ შეძლო, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა გოლის გატანა. მარინ შოტიჩეკმა, დამატებული დროის მე-2 წუთზე ხორვატია ისევ წინ გაიყვანა და ორი მატჩის ჯამში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 3:3. პენალტების სერიაში, ლუკა ხარატიშვილმა ორი 11-მეტრიანის მოგერიება შეძლო და რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, რომელიც სლოვაკეთში, 11-დან, 28 ივლისამდე გაიმართება.