მამუკელაშვილის მცირე დრო და 2 ქულა | სან ანტონიომ ოკლაჰომა დაამარცხა
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ტექსასელებმა სენსაცია შემოგვთავაზეს და სერიოზული საკადრო პრობლემების მიუხედავად, დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი, „ოკლაჰომა სითი თანდერი“ დაამარცხეს.
„სან ანტონიომ“ ვიქტორ ვემბანიამას, დევინ ვესელისა და ჯერემი სოხანის გარეშე იასპარეზა. „სპურსმა“ პირველი ნახევარი 60:57 მოიგო, მესამე მეოთხედში კი მეტოქეს 33:20 აჯობა და კომფორტული უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნა - 110:104.
მამუკელაშვილმა მცირე სათამაშო დრო მიიღო. სანდრომ პარკეტზე თითქმის 5 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 2 ქულა და 1 მოხსნაა. „მამუმ“ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ერთხელ დაჯარიმდა.
„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო კელდონ ჯონსონი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. ჰარისონ ბარნსს 20 ქულა ჰქონდა, კრის პოლმა კი 14 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „ოკლაჰომას“ 32 ქულით შეი-გილჯეს ალექსანდერმა ულიდერა. ჯეილენ უილიამსმა 27 ქულა და 10 მოხსნა გააკეთა, ხოლო კეისონ უოლასმა 13 ქულა დააგროვა.
„სან ანტონიოს“ 7 მოგება და 8 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მე-12 პოზიციას იკავებს. მამუკელაშვილის გუნდის მომდევნო გაჩერება „იუტა ჯაზია“, რომელსაც 22 ნოემბერს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.