რამაზ სვანაძე
Aa
Aa

შეუძლებელი შევძელით, რადგან.... - რამაზ სვანაძე ისტორიულ გამარჯვებაზე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ფლეი-ოფის პირველ მატჩში ხორვატიას შინ 1:0 მოუგო, საპასუხო მატჩის ძირითადი დრო რიეკაში „რუევიცაზე'' ხორვატთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ანგარიში მე-10 წუთზე სტუმართა შემტევმა დიონ ბელომ გახსნა, 28-ე წუთზე კი ლუკა გაგნიძემ შორეული დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მეორე ტაიმის 63-ე წუთზე, ბელომ ჩვენ კარში დანიშნული პენალტის ზუსტად შესრულებით დუბლი მიითვალა. ანგარიში ლომინაძემ ბრწყინვალე დარტყმით გაათანაბრა. მარინ შოტიჩეკმა დამატებული დროის მე-2 წუთზე ხორვატია ისევ წინ გაიყვანა და ორი მატჩის ჯამში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 3:3. პენალტების სერიაში, ლუკა ხარატიშვილმა ორი 11-მეტრიანი მოიგერია და რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, რომელიც სლოვაკეთში 11-28 ივნისს გაიმართება.

ისტორიული მატჩის შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მედიასთან ისაუბრა: „გილოცავთ გამარჯვებას, მინდა ყველას მოგილოცოთ, ჩვენს სამშობლოს მივულოცო, იმიტომ რომ ფაქტია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სპორტულად ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა. ეს არ არის პატარა ამბავი თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ახალი ასპარეზი იშლება. მოტივაციას და რწმენას აძლევს ახალ თაობებს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებში ფეხბურთს თამაშობენ.

დღეს მე ყველაზე ბედნიერი ვარ იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა დაგვიბრუნდა მთელ სტაფს, ფეხბურთელებს. ვგულისხმობ იმ ფეხბურთელებსაც, რომლებიც დღეს არ იყვნენ, მაგრამ გაფართოებულ სიაში მოიაზრებიან. გამარჯვებას მათაც ვულოცავ. თამაშის შეფასებას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს, ერთადერთი იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ძალიან ბევრი მენტალური და ფსიქოლოგიური ასპექტები იყო დღევანდელ თამაშში. არაფრისგან მიღებული პირველი გოლი, შემდეგ გათანაბრება, შემდეგ უპირატესობის დათმობა ჩვენივე ნებით, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა. დამატებული დროის წუთზე გაშვებული გოლი, რაც ძალიან ბევრი გუნდისთვის ძალიან ცუდად იმოქმედებდა, მაგრამ არა ჩვენთვის, რადგან ძალიან კარგად ვიცი რა სულია ამ გუნდში, მწამს და მჯერა ჩემი ფეხბურთელების, მათ რეალურად შეუძლებელი შეძლეს, რადგან არავინ იცის თუ რა დონის სირთულეებთან გვიწევდა გამკლავება.

ვთვლი რომ ჩემი ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები არიან, არავისზე ნაკლებნი არ არიან, მაგრამ ჩვენ გვქონდა პრობლემები და ეს პრობლემები უპირველესად ეხებოდა იმ ფაქტს, რომ ჩვენი ლიდერები სათამაშო პრაქტიკის გარეშე იყვნენ და ფიზიკურად ეს თითქმის ყველა თამაშზე გვეტყობოდა, მაგრამ ერთიანობამ და პატრიოტიზმმა შედეგი გამოიღო. შემთხვევითი არაა, რომ პენალტების სერიაში გავიმარჯვეთ, რადგან ჩვენ ამის გამოცდილება უკვე გვქონდა. თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და დღეს ძალიან ბედნიერები ვართ. წინ ევროპის ჩემპიონატია და ყველას გეპატიჟებით.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდშია, პირადად ლაშა ფირცხალაიშვილს, მთლიანად სტაფსა და თითოეულ ფეხბურთელს ვულოცავ ამ წარმატებას. ჩვენთვის ეს წარმატებები ძალიან ბევრს ნიშნავს, ვგულისხმობ როგორც 19-წლამდე, ასევე ყველა ასაკოვრივ ნაკრებს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ეროვნული ნაკრებია. იმიტომ ვშრომობთ და ვმუშაობთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ და საბოლოოდ ეროვნულ ნაკრებს გამოვადგეთ.

წარმატება რწმენას და მოტივაციას ამაღლებს თაობებში, ფეხბურთელებში. მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილებას ვიძენთ, რაც სამწუხაროდ ასაკობრივ ნაკრებებში ძალიან ბევრი არ გვაქვს. განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს ვგულისხმობ, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ. ამიტომ ეს დინამიკა ძალიან კარგია, იმედი მაქვს ეს პოზიტივი ძალიან დიდხანს გაგრძელდება.

ბოლო წლებში ასაკობრივ ნაკრებებში მენტალურ პრობლემაზე საუბარი არაა, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. უბრალოდ, არის ერთი კონკრეტული შემთხვევა, ერთი კონკრეტული ეპიზოდი, ფიზიკური ორთაბრძოლა. დასამალი არავისთვისაა, რომ ხორვატები ამ მხრივ გამოირჩევიან, ჩვენ უპირატესობა ორთაბრძოლებში არ გვქონია, მაგრამ შევძელით და სხვა თვისებების ხარჯზე კომპენსირება და დაბალანსება მოვახდინეთ. ბოლო წუთზე გაშვებული გოლიც კონკრეტული ორთაბრძოლის წაგების მომენტი იყო ვიდრე ის, რომ მენტალური პრობლემაა ნაკრებში.

რაც შეეხება დაცვის ხაზს, ნებისმიერის თამაშით კმაყოფილი ვარ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა გუნდებში თამაშობენ ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები... ბოლო პერიოდში დაცვის ხაზში ბევრი ცვლილება გვქონდა, დაცვის ცენტრში წყვილები იცვლებოდნენ. მინდა ლაცაბიძე გამოვყო, რომელმაც ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ფლეი-ოფში ითამაშა, თბილისურ შეხვედრაში. მენტალურად ძალიან ძლიერი და პერსპექტიული მცველია. სხვა მცველებზეც ანალოგიურად ვფიქრობ. მთავარია, როგორ განავითარებენ თავიანთ პოტენციალს''.

დიმა შარიქაძე რიეკადან კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორია დაიწერა -  U 21 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
ისტორია დაიწერა - U 21 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს