ჰაშეკი: “დღეს საქართველოს განსაკუთრებით კარგად ვეთამაშეთ“
მიმდინარე წლის ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველო ჩეხეთს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ჯვაროსნებმა ერთა ლიგიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ვრცელი კომენტარი გააკეთა.
ჰაშეკი:
„ვფიქრობ, სამართლიანი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბიჭები ერთმანეთისთვის თამაშობდნენ და ამან შედეგი გამოიღო. ეს მატჩი მხოლოდ შემდეგი ნაბიჯი იყო მსოფლიო ჩემპიონატის მიმავალ გზაზე. გაწეული სამუშაოსთვის თითოეული მათგანი იმსახურებს მადლობას. ცხადია, როცა სტუმრად 4 გოლი გავუშვით, არავინ შეგვაქო. იმ მომენტში ბევრმა გაგვაკრიტიკა, მაგრამ ეს ლოგიკური იყო, თუმცა მაინც ბევრმა ექსპერტმა იჩინა თავი. კრიტიკა გადავლახეთ და ჩვენი თამაშიც გამოვასწორეთ.
გუნდის გამო ბედნიერი ვარ და ვაფასებ, რომ ეს შანსი მომეცა. ადვილი არ არის მოთამაშეების სწრაფად გაცნობა. მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა. დღეს საქართველოს განსაკუთრებით კარგად ვეთამაშეთ.“
ცნობისთვის, ვილი სანიოლის გუნდი, B დივიზიონში დასარჩენად პლეი-ოფში C დივიზიონში მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან ერთ-ერთს შეხვდება - მატჩები 2025 წლის 20 და 23 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები კოსოვო, ბულგარეთი, სომხეთი და სლოვაკეთი არიან.