ფლიკმა ხვიჩას ტრანსფერი მოითხოვა - El Nacional ბარსელონას სტრატეგიაზე
ბოლო დღეებში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება ბარსელონას სურს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლეს ინფორმაციას გამოცემა El Nacional ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ლაპორტას კვარას გადაბირებისთვის სპეციალური გეგმა აქვს შემუშავებული.
El Nacional:
„ფერან ტორესი შეიძლება საკვანძო ფიგურა გახდეს ჟოან ლაპორტას სატრანსფერო გეგმებში, რომელსაც ის 2025 წლის ზაფხულში აპირებს. სამიზნე სხვა არავინაა, თუ არა ნაპოლის ვარსკვლავი და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა თავისი ნიჭით დიდი კლუბების ინტერესი გამოიწვია. ბარსა მას შეტევის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს.
ბარსელონა ამ გარიგების სიცოცხლისუნარიანობას სწავლობს, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება. კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და მისი საბაზრო ღირებულება ძალიან მაღალია, მაგრამ კატალონიური კლუბი დარწმუნებულია, რომ ფასის შემცირება ფერან ტორესის ტრანსფერში ჩართვით არის შესაძლებელი.
ესპანელი ფეხბურთელი ბლაუგრანაში დიდი იმედებით გადავიდა, მაგრამ ჰანსი ფლიკის ნდობა დღემდე ვერ მოიპოვა. ამ ფაქტმა კი ხელმძღვანელობა აიძულა, რომ მის გაშვებაზე დაფიქრებულიყვნენ.
ფერან ტორესის ჩართვა შესაძლოა გონივრული ნაბიჯი იყოს, მით უმეტეს, რომ კონტეს ესპანელი შემტევი მოსწონს. იტალიელი სპეციალისტი მის მრავალფეროვნებას აფასებს, რაც მოლაპარაკებას ხელს შეუწყობს. ფერანის გარემოცვა კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. ამავდროულად, ხვიჩა იქნება ტრანსფერი, რომელიც ჰანსი ფლიკის სისტემას იდეალურად მოერგება. ფლანგებზე თამაშის უნარი, კავშირის უნარი და გოლის გატანის ინსტინქტი მას იდეალურ სამიზნედ აქცევს.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელმა მწვრთნელმა პირადად მოითხოვა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი. ფლიკმა კარგად იცის, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მახასიათებლების მოთამაშეს მის გუნდზე. მიუხედავად ამისა, ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება. ნაპოლი, რომელიც ცნობილია თავისი სიმკაცრით მოლაპარაკებებში, არ აპირებს თავისი ვარსკვლავის დაბალ ფასად გაშვებას. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში, ნაპოლი აუცილებლად სოლიდურ თანხას მოითხოვს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბარსელონა მზად არის მაქსიმალური ძალისხმევით ეს ტრანსფერი გაჩარხოს. ჟოან ლაპორტა ცდილობს ბარსელონა, როგორც ბრენდი, მაქსიმალურად წინ წამოწიოს საფეხბურთო სამყაროში და ყველასთვის მიმზიდველი იყოს.“
შეგახსენებთ, რომ ქართველი ვარსკვლავის გადაბირება ბარსელონას გარდა პარი სენ ჟერმენსა და ტურინის იუვენტუსს სურს.