პსჟ გააქტიურდა - თანხა და პლუს ფეხბურთელი კვარას სანაცვლოდ
ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაზრდილი ინტერესის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. ყოველი კვირის შემდეგ, ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად, „კვარას“ შესახებ ფრანგული გამოცემა sport.fr წერს.
წყაროს ცნობით, ნეაპოლელები ამჯერად კვარაცხელიას გაყიდვის წინააღმდეგნი არ იქნებიან და ნებისმიერ მსურველთან ღია ვაჭრობაში შევლენ. პსჟ კვლავ რჩება ფეხბურთელის შეძენის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად. „პარტენოპეი“ ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს, პარიზელები კი მზად არიან გარიგებაში ფეხბურთელი ჩართონ.
„პსჟ ბრედლი ბარკოლასა და უსმან დემბელეს არასტაბილურ თამაშს ხედავს და ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით თვლის, რომ მსოფლიო დონის შემტევს გაიფორმებს. მთავარი პრობლემა აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებაა, რომელიც თავისი მტკიცე ხასიათით არის ცნობილი.
ფრანგები შეეცდებიან გარიგება შედარებით გაამარტივონ და მოლაპარაკებებში მილან შკრინიარის ჩართვას გეგმავენ, რომელსაც ლუის ენრიკე დიდად არ სწყალობს. ცენტრალური მცველის ანაზღაურება 9 მილიონი ევროა, რაც პსჟ-სთვის დამატებითი ტვირთია. როგორც ცნობილია, ანტონიო კონტე შკრინიარის დიდი თაყვანისმცემელია და მის ტრანსფერს მიესალმება.
ფეხბურთელთან ნაპოლი შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებს და თუ სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდა, მისი გაყიდვა უფრო მოსალოდნელი იქნება. ტრანსფერში შკრინიარის ჩართვამ და შესაძლოა ხვიჩას ფასი დაწიოს და გარიგების დახურვა გაამარტივოს“.
აქვე გეტყვით, რომ პსჟ-ს გარდა კვარაცხელიას შეძენის დიდი სურვილი აქვს „ბარსელონას“, რომელიც მზადაა 80 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელს წლიურად 8 მილიონი გადაუხადოს.