სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი
Goal.com-მა 21 საუკუნეში სერია ა-ს 25 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი შეადგინა. წარმოგიდგენთ საუკეთესო ათეულს, სრულად კი რეიტინგს ბმულზე გაეცნობით.
10. ალესანდრო ნესტა
სერია ა-ში პირველი სეზონების შემდეგ ნესტას „ახალი ფრანკო ბარეზი“ შეარქვეს. როდესაც ის „ლაციოდან“ „მილანში“ გადავიდა, ბარეზი უკვე მიიჩნევდა, რომ ნესტასთან შედარება მას არ ეკუთვნის. ნესტა იყო ძლიერი, ჭკვიანი, ხოლო ართმევაში ის ყველაზე საჭირო დროს შედიოდა. გარდა ამისა, ის ბარეზიზე უფრო სწრაფი იყო. ტრავმებმა შეუშალა ნესტას ხელი, გათანაბრებოდა ბარეზის ტიტულებისა და კარიერის ხანგრძლივობის მხრივ, თუმცა თავისი კარიერის პიკზე ის მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო და 1999-2003 წლებში ზედიზედ ოთხჯერ გახდა სერია ა-ს წლის საუკეთესო მცველი.
9. ანდრეი შევჩენკო
როდესაც მილანის სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა 1999 წელს შევჩენკოს შესაძენად გაემგზავრა, მან უკრაინელ ფეხბურთელს მილანის მაისური ჩაუტანა და უთხრა, რომ ამ მაისურით ის ოქროს ბურთს მოიგებდა. ბრაიდა მართალი აღმოჩნდა. შევჩენკომ სერია ა შტურმით აიღო, ორჯერ გახდა საუკეთესო ბომბარდირი და გახდა მილანის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი. „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ შევჩენკო ტრავმებმა შეაწუხა და როდესაც უკრაინელი 2008 წელს იჯარით „მილანში“ დაბრუნდა, ეს უკვე ძველი შევჩენკო აღარ იყო. თავის პიკზე ის უძლიერესი ფორვარდი იყო, ძალიან შრომისმოყვარე და მრავალმხრივი, რომელსაც ყველანაირი ტიპის გოლების გატანა შეეძლო.
8. კაკა
როდესაც კარლო ანჩელოტიმ კაკა პირველად დაინახა, ბრაზილიელმა მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. კარლომ მაშინ ის უნივერსიტეტის სტუდენტსაც შეადარა. „თუმცა შემდეგ კაკა მოედანზე შევიდა და ყველაფერი ნათელი გახდა“ - წერდა ანჩელოტი ავტობიოგრაფიაში. კაკასთან ერთად „მილანმა“ პირველივე წელს სკუდეტო მოიგო, საერთო ჯამში ბრაზილიელმა „როსონერის“ მაისურით 77 გოლი გაიტანა და ორჯერ გახდა სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი. ანდრეა პირლოს თქმით, „ორი-სამი სეზონის განმავლობაში კაკა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო“.
7. ჯორჯო კიელინი
როგორც მისი სხვა თანაგუნდელები „იუვენტუსში“, ფედერიკო ბერნარდესკიც ამბობდა, რომ მისთვის პატივი იყო, რონალდუს გვერდით ეთამაშა, მაგრამ როდესაც მას ჰკითხეს, ვარჯიშზე ყველას რონალდუს თანაგუნდელობა თუ სურდა, ბერნარდესკიმ განაცხადა, რომ „უმჯობესია, კიელინის გუნდში იყო“. რატომ? იმიტომ რომ კიელინის წინააღმდეგ თამაში კოშმარი იყო. ალვარო მორატას შეფასებით, „ეს იგივეა, ვინმემ რომ გორილასთან ერთ ვოლიერში ჩაგკეტოს და მისთვის საკვების წართმევა დაგავალოს“. კიელინის ანგარიშზე 9 სკუდეტოა და მან ნამდვილად დაიმსახურა მეტსახელი „კინგ კონგი“.
6. ხავიერ ძანეტი
ანტონიო კასანომ ერთხელ იხუმრა, რომ ძანეტი ისეთი ძლიერი იყო და ისე უვლიდა თავს, რომ შეეძლო პროფესიულ დონეზე 60 წლამდე ეთამაშა. რომ არა სერიოზული ტრავმა, ეს შეიძლება მართლაც მომხდარიყო. ძანეტი უნიკალური ფიგურა იყო: მას ყველა პატივს სცემდა, მოედანზე და მის მიღმა ის სამაგალითო პროფესიონალი იყო. ფლანგზე წინ და უკან დაუღალავად სირბილისთვის ძანეტის „ტრაქტორი“ შეარქვეს, მან ხუთჯერ მოიგო სერია ა, ხოლო ჩატარებული მატჩების რაოდენობით ყველა ლეგიონერს გაუსწრო.
5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
რა შეიძლება ითქვას ზლატანზე ისეთი, რაც მას თვითონ არ უთქვამს? შვედ ფორვარდი იტალიაში სამ კლუბში უთამაშია და ყველგან მაღალი დონე აჩვენა. სერია ა-ში მის ანგარიშზე 156 გოლია, არაერთი მათგანი უბრალოდ საოცარი იყო. იბრა იყო ფიზიკურად ძლიერი, თუმცა ამავე დროს ძალიან მოქნილი და ტექნიკური ცენტრფორვარდი. მიუხედავად მედიაში მის მიერვე შექმნილი იმიჯისა, მოედანზე იბრა საერთოდ არ იყო ეგოისტი, უხვად უქმნიდა საგოლე მომენტებს თანაგუნდელებს და „მილანში“ ბოლო წლებში გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა.
4. პაოლო მალდინი
თუ ზოგადად კარიერებზე ვისაუბრებთ, ამ სიის სათავეში სწორედ მალდინი უნდა იყოს, როგორც ისტორიაში საუკეთესო მცველი. თუმცა უნდა გავითვალისწოთ ისიც, რომ 21-ე საუკუნეში მალდინი უკვე დაცვის ცენტრში თამაშობდა, მანამდე კი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი იყო, ხოლო კარიერა 41 წლისა დაასრულა. რა თქმა უნდა, მილანთან ერთად მან ყველაფერი მოიგო. მალდინი „სრულყოფილი მცველი“ იყო, როგორც ის ზლატანმა დაახასიათა. პაოლო იოლად ართმევდა მეტოქეებს ბურთს, იყო სწრაფი, ძლიერი და ძალიან ჭკვიანი.
3. ანდრეა პირლო
ისევე როგორც ყველა დანარჩენი, ჯიჯი ბუფონი გაკვირვებული დარჩა, როდესაც „მილანმა“ პირლოს კონტრაქტი არ გაუგრძელა, რის შედეგადაც ანდრეა „ბიანკონერის“ ფეხბურთელი გახდა. „პირველი რამ, რაც მაშინ გავიფიქრე - ღმერთი ნამდვილად არსებობს“ - იხსენებს ბუფონი - „პირლოს დონისა და უნარების ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით - ვფიქრობ, ეს საუკუნის საუკეთესო ტრანსფერი იყო!“. „მილანში“ პირლომ უკვე გაითქვა სახელი როგორც მსოფლიო დონის გამთამაშებელმა და ორჯერ მოიგო სკუდეტო, თუმცა „იუვეში“ გადასვლის შემდეგ ის სულ სხვა დონეზე ათამაშდა და 4 სეზონიდან 3-ში სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
2. ფრანჩესკო ტოტი
ერთხელ რუდი გარსიამ განაცხადა, რომ რომს მხოლოდ სამი მეფე ჰყოლია - პაპი, კრიმინალური სამყაროს ლიდერი „ლიბანეზე“ და ფრანჩესკო ტოტი. ტოტი სხვა ეპოქიდან იყო, „ჭეშმარიტი ათიანი“, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში აღარ დარჩა. მას შეეძლო როგორც დროული და გენიალური პასებით მეტოქის დაცვის ხაზის „გახსნა“, ასევე დრიბლინგის საშუალებით მათთვის გვერდის ავლა. მეკარეებისთვის ბურთის თავზე გადაგდება, ერთი შეხებით უზუსტესი დარტყმები სხვადასხვა კუთხიდან - ყველაფერი მისი შესრულებით ძალიან ბუნებრივად და მარტივად გამოიყურებოდა. „რომას“ მაისურით ტოტიმ სერია ა-ში 250 გოლი გაიტანა, უარი თქვა „რეალთან“ ერთად ტიტულების მოგებაზე, თუმცა ვერც ერთი ჯილდო ვერ შეედრებოდა სკუდეტოს, რომელიც ფრანჩესკომ მშობლიურ კლუბთან ერთად 2001 წელს მოიგო. კარლო ანჩელოტის თქმით, ტოტი „უკვდავია“.
1. ჯანლუიჯი ბუფონი
რეიტინგის პირველი ნომერი ამპლუითაც პირველი ნომერი იყო - ყველა დროის საუკეთესო მეკარე, რომელსაც „რეალის“ ლეგენდამ, იკერ კასილასმა „სამაგალითო“ უწოდა. ბუფონი ფეხით კარგი თამაშით არ გამოირჩეოდა, თუმცა კარის დაცვაში მას ბადალი არ ჰყავდა. მაღალი, ფიზიკურად ძლიერი, მოქნილი - საუკეთესო წლებში ბუფონი უბრალოდ უნაკლო მეკარე იყო და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი კარიერის პიკი 20 წელს გაგრძელდა. ბუფონი სერია ა-ში ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდსმენია, მის ანგარიშზე 10 სკუდეტოა, ხოლო თუ ფაბიო კანავაროს დავუჯერებთ, „ჯიჯი მეკარეებს შორის მარადონაა“.