როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი
Aa
Aa

„ვამოს, რაფა!“ | როჯერ ფედერერის წერილი რაფაელ ნადალს

რაფაელ ნადალი კარიერის დასრულებასთან ძალიან ახლოსაა და როჯერ ფედერერი „ელ მატადორის“ წასვლას გამოეხმაურა. „მხიარულმა როჯერმა“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ნადალს მიმართა.

„ვამოს, რაფა!

სანამ ჩოგბურთთან გამოსამშვიდობებლად ემზადები, მაქვს რამდენიმე რაღაც, რაც მინდა იქამდე გაგიზიარო, სანამ ემოციები მძლევს.

ყველასთვის აშკარა რაღაცით დავიწყოთ: მეტჯერ დამამარცხე, ვიდრე მე მოგიგე. შენგან მივიღე ისეთი გამოწვევები, როგორებიც არავისგან მიმიღია. თიხაზე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შენს სახლში ვთამაშობდი. მაიძულებდი, მემუშავა ბევრად მეტი, ვიდრე ოდესმე და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ პოზიცია არ დამეთმო. მაიძულე, ახალი სტილი ჩამომეყალიბებინა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩოგნის ზომები შევცვალე, რითაც იმედი მქონდა, რომ უპირატესობას მოვიპოვებდი.

ძალიან ცრუმორწმუნე ადამიანი არ ვარ, მაგრამ ჩემი ცრუმორწმუნეობა საერთოდ სხვა დონეზე აიყვანე. შენი მოსამზადებელი პროცესები, რიტუალები, წყლის ბოთლების დალაგება სათამაშო ჯარისკაცებივით, თმის გასწორება, ტრუსის გასწორება... ამას მაღალი ინტენსივობით აკეთებდი და ფარულად, ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა, რადგან უნიკალური იყო... შენ იყავი...

და, იცი რა... რაფა, შენი წყალობით, ჩოგბურთით უფრო დიდი სიამოვნება მივიღე... ოღონდ, თავდაპირველად ასე არ ყოფილა. 2004 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, რეიტინგის ლიდერი პირველად გავხდი და მეგონა, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ვიყავი. ამ პოზიციაში დავრჩი მანამ, სანამ რამდენიმე თვეში ერთმანეთს მაიამის კორტებზე არ შევხვდით. წითელი ფერის უმკლავო მაისური გეცვა, მხრის ბიცეფსებით თავს იწონებდი და დამაჯერებლად დამამარცხე. ყველაფერი, რაც შენზე - საოცარ ახალგაზრდა მალიორკელზე, რომლის მსგავსი ჩოგბურთელებიც თაობაში ერთხელ იბადებიან - მესმოდა, მხოლოდ სიტყვები არ ყოფილა.

ჩვენ-ჩვენი მოგზაურობის დასაწყისში ვიყავით, ახლა კი ყველაფერს ერთად ვამთავრებთ. ოცი წელი გავიდა და რაფა, მინდა გითხრა: რა საოცარი გზა გამოიარე, რომლის ნაწილია 14 როლან გაროსი! ისტორიული შედეგი! შენ მთელ ესპანეთს სიამაყის საფუძველი მიეცი... შენ მთელ საჩოგბურთო სამყაროს სიამაყის საფუძველი მიეცი.

ვიხსენებ მოგონებებს, რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. როგორ ვზრუნავდით ჩოგბურთის განვითარებაზე. როგორ ვთამაშობდით კორტებზე, რომელთა ნახევარი ბალახი იყო, ნახევარი - თიხა. როგორ მოვხსენით დასწრების რეკორდი, როცა სამხრეთ აფრიკაში, 50 000 მაყურებლის წინაშე ვითამაშეთ. როგორ ვაცინებდით ერთმანეთს. როგორ ვღლიდით ერთმანეთს კორტზე და შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიებისას, როგორ გვიწევდა ერთმანეთის მხარდაჭერა.

ახლაც მადლობელი ვარ, რომ 2016 წელს, მალიორკაში მიმიწვიე, რათა რაფა ნადალის აკადემიის გახსნაში დაგხმარებოდი. რეალურად, საკუთარი თავი დავიპატიჟე და ვიცოდი, რომ ძალიან ზრდილობიანი იყავი იმისთვის, რომ უარი გეთქვა. არ მინდოდა, ეს ღონისძიება გამომეტოვებინა. ბავშვებისთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყავი და მირკა და მე მოხარული ვართ, რომ ჩვენმა შვილებმა შენს აკადემიაში ივარჯიშეს.

და შემდეგ იყო ლონდონი - ლეივერის თასი 2022 წელს. ჩემი ბოლო მატჩი. ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა ის ფაქტი, რომ ჩემ გვერდით იდექი, როგორც მეწყვილე და არა როგორც მეტოქე. იმ საღამოს, შენთან ერთად კორტზე ყოფნა და ტირილი ჩემი კარიერის ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო და იქნება.

რაფა, ვიცი, რომ ეპიკური კარიერის დასკვნით ეტაპზე ხარ კონცენტრირებული და ვისაუბრებთ, როცა ფინიშის ხაზს გადაკვეთ. მანამდე, მინდა, შენს ოჯახსა და გუნდს, რომლებმაც შენს წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშეს, მივულოცო! მინდა იცოდე, რომ შენი ძველი მეგობარი ყოველთვის გქომაგობდა და ყოველთვის გიგულშემატკივრებს!

საუკეთესო სურვილებით, შენი ფანი როჯერი!

ცნობისთვის, რაფაელ ნადალი კარიერას დევისის თასის გათამაშების შემდეგ დაასრულებს. დიდი სლემის 22-გზის გამარჯვებულმა წლეულს მხოლოდ 7 ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი გაბრაზებულია | UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა და ჯონ ჯონსი პირველი არაა
დენა უაითი გაბრაზებულია | UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა და ჯონ ჯონსი პირველი არაა