ფედელე: კვარა სასწრაფოდ უნდა გაყიდონ, თორემ ალანის შემთხვევა გამეორდება
იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი ენრიკო ფედელე ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თემას ეხება და ამბობს, რომ „ნაპოლისთვის“ უმჯობესი იქნება, თუ ქართველს ახლა გაყიდის.
ფედელე შიშობს, რომ ადრე მომხდარი შემთხვევები განმეორდება, რომლებიც ნეაპოლელთა სხვა მოთამაშეებმაც განიცადეს, რადგან დე ლაურენტისმა ისინი დროულად არ გაყიდა.
„უმჯობესია, კვარა სასწრაფოდ გავყიდოთ და ინვესტიცია ახალ მოთამაშეებში ჩავდოთ, რომლებიც სამომავლო ამოცანებს შეასრულებენ. ეს სიტუაცია უკვე ემსგავსება ძველ ამბებს, რომლებიც კარგად არ დასრულდა. ვგულისხმობ ალანისა და კულიბალის შემთხვევებს, როდესაც ისინი საჭირო დროს არ გაყიდეს და საბოლოოდ, მათ ნაცვლად კლუბს შესაბამისი თანხები არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფულით შემდეგ ნაპოლიმ სკუდეტო მოიგო.
ყველას აქვს თავისი ფასი და როდესაც ის მაღალია, შენ მისი გაყიდვა გიწევს. უნდა გაიყიდოს თუ არა კვარა? რა თქმა უნდა კი. ეს დამოკიდებულია შემოთავაზებულ თანხაზე“.
- განაცხადა ფედელემ Radio Marte-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას შეძენის სურვილი უკვე გამოთქვა „ბარსელონამ“ და პსჟ-მ. ტურინის „იუვენტუსში“ მისი წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია. ყველაზე მეტ აქტიურობას ესპანელები იჩენენ. როგორც ცნობილი გახდა, ჟოან ლაპორტა მამუკა ჯუღელსაც შეხვდა.
„ნაპოლი“ ხვიჩას გაყიდვას 100 ან 120 მილიონად გეგმავს. ჯუღელი კი სატრანსფერო ღირებულებად 80 მილიონს ითხოვს, რომლის გადახდას სწორედ „ბარსელონა“ გეგმავს.