ბითაძის სუპერ მატჩი | 17 ქულა, ორმაგი დუბლი და 1 გაფუჭებული სროლა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო. „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ დამარცხების შემდეგ, ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა. არიზონელებს საკადრო პრობლემები აქვთ, რომლებიც „ორლანდომ“ კარგად გამოიყენა და 109:99 იმარჯვა.
ბითაძემ „მეჯიქის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გოგამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, პარკეტზე 31 წუთი და 9 წამი გაატარა და ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა მიმდინარე რეგულარულში მეოთხე ორმაგი დუბლი გაიფორმა და 17 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
Goga Bitadze massive block at the rim on O’Neale + Tristan Da Silva with a beautiful dime for the Franz Wagner dunk pic.twitter.com/5Fz0olxEiZ
— The Magic Way (@MagicFilmRoom) November 19, 2024
ბითაძემ „ორლანდოს“ მაისურით 17 ქულა პირველად ჩააგდო და 8 სროლიდან მხოლოდ ერთი ბურთი გააფუჭა (8-დან 7 ორქულიანი), 4-დან კი 3 საჯარიმო გამოიყენა. გოგას 3 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა და მის პასივში 5 პერსონალური ფოლი და 1 დაკარგვა გახლდათ.
„მეჯიქის“ რიგებში გოგაზე მეტი ქულა მხოლოდ ფრანც ვაგნერმა და ენტონი ბლეკმა გააკეთეს. ვაგნერმა მატჩი 32 ქულით, 8 ასისტითა და 5 მოხსნით დაასრულა, ხოლო ბლეკს 20 ქულა ჰქონდა. „ფინიქსის“ მხრიდან 18 ქულით ტაიუს ჯონსი გამოირჩა, დევინ ბუკერსა და გრეისონ ალენს 17-17 ქულა ჰქონდათ.
ამრიგად, „ორლანდოს“ 9 მოგება და 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „ლოს ანჯელეს კლიპერსია“, რომელსაც 21 ნოემბერს დაუპირისპირდება.