ოთარ მამაგეიშვილი
Aa
Aa

აქამდე შრომით მოვედით და არაფერს დავაკლებთ | ოთარ მამაგეიშვილის კომენტარი

რიეკაში, სტადიონ HNK რიეკაზე რამაზ სვანაძის გაწვრთნილ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ისტორიის დაწერის ძალიან კარგი შანსი აქვს. თბილისში 1:0 მოვიგეთ და თუ ფლეი-ოფის ორი მატჩის ჯამში გავიმარჯვებთ, ისტორიაში პირველად ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევი ციკლის გავლით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდება. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რამაზ სვანაძისთვის და რამდენიმე ფეხბურთელისთვის (საბა ხვადაგიანი, საბა საზონოვი, ნოდარ ლომინაძე, გაბრიელ სიგუა, ლუკა გაგნიძე, ირაკლი აზაროვი, ოთარ მამაგეიშვილი) ზედიზედ მეორე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი იქნება.

საპასუხო თამაშამდე რამაზ სვანაძემ სტადიონ HNK რიეკაზე პრესკონფერენცია გამართა, მასთან ერთად მედიასთან ოთარ მამაგეიშვილმა ისაუბრა.

ოთარ მამაგეიშვილი: „მოვიგეთ და მცირე უპირატესობა გვაქვს, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. პირიქით, მოტივირებულნი ვართ. მთავარია მზადყოფნაში ვიყოთ, კარგად დავისვენოთ და თამაშისთვის მოვემზადოთ. შემართებით და ახალი ენერგიით შევხვდეთ საპასუხო თამაშს, როგორც ეს თბილისურ მატჩში იყო.

გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. გვიხარია რომ ასეთი დონის მატჩებში ვთამაშობთ. იმედი მაქვს, წინ კიდევ ბევრი ასეთი შეხვედრა იქნება.

ჩვენი შრომით აქამდე მოვედით და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი გვაქვს. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება და ფსიქოლოგიური მზაობა ხვალ დიდ როლს შეასრულებს. არაფერს დავაკლებთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ვითამაშოთ ისეთი მატჩები, როგორც გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზე იყო’’.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის საპასუხო თამაში ქალაქ რიეკაში 19 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

დიმა შარიქაძე რიეკადან კრისტალსპორტისთვის

ფოტო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მთავარი მიზანი ამ გეგმის შესრულებაა | რა თქვა სვანაძემ ხორვატიასთან მატჩის წინ
მთავარი მიზანი ამ გეგმის შესრულებაა | რა თქვა სვანაძემ ხორვატიასთან მატჩის წინ