ილიას ნახატი რაულ ალბიოლმა იყიდა | თანხა სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდება
ხესუს არუე ვალენსიელი მხატვარია, რომელმაც UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ნახატი საქველმოქმედო მიზნებისთვის გაყიდა. „ვილიარეალის“ კაპიტანსა და ვეტერან ფეხბურთელს, რაულ ალბიოლს დიდი ხანი არ უფიქრია და „ელ მატადორის“ ნახატი შეიძინა.
ესპანური გამოცემები არ ასახელებენ თანხას, რომელიც ალბიოლმა გადაიხადა, მაგრამ წერენ, რომ ფული ვალენსიაში მოღვაწე საქველმოქმედო ორგანიზაციას, Casa Caridad-ს გადაერიცხა. აღნიშნული ორგანიზაცია ამ მომენტისთვის, ქარიშხალ DANA-თი დაზარალებულ ადამიანებს ეხმარება.
„ალბიოლმა ჩემი ნამუშევარი ჩვენს დასახმარებლად შეიძინა. მიღებულ თანხას მთლიანად ქველმოქმედებას მოვახმარ. ის ძალიან კარგი ადამიანია“, - განაცხადა ვალენსიელმა მხატვარმა, რომელსაც სხვადასხვა დროს, მადონასთვის და ალეხანდრო სანსისთვის უმუშავია.
View this post on Instagram
ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა, 14 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. აქამდე დადასტურებული გარდაცვალების თითქმის ყველა შემთხვევა ვალენსიის რეგიონში დაფიქსირდა და სტიქიით მიყენებულმა ზიანმა 3.5 მილიარდ ევროს გადააჭარბა.