რამაზ სვანაძე
Aa
Aa

მთავარი მიზანი ამ გეგმის შესრულებაა | რა თქვა სვანაძემ ხორვატიასთან მატჩის წინ

რიეკაში, სტადიონ HNK რიეკაზე რამაზ სვანაძის გაწვრთნილ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ისტორიის დაწერის ძალიან კარგი შანსი აქვს. თბილისში 1:0 მოვიგეთ და თუ ფლეი-ოფის ორი მატჩის ჯამში გავიმარჯვებთ, ისტორიაში პირველად ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევი ციკლის გავლით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდება. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რამაზ სვანაძისთვის და რამდენიმე ფეხბურთელისთვის (საბა ხვადაგიანი, საბა საზონოვი, ნოდარ ლომინაძე, გაბრიელ სიგუა, ლუკა გაგნიძე, ირაკლი აზაროვი, ოთარ მამაგეიშვილი) ზედიზედ მეორე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი იქნება.

სტადიონ HNK რიეკაზე რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და შემდეგ ნაკრები ავარჯიშა.

რამაზ სვანაძე: „ჟურნალისტებს დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უცხოეთში ჩვენი პრესკონფერენცია იმართება, რაც ძალიან სასიამოვნოა. ვემზადებით. პირველი თამაშის შემდეგ მთავარი ძალების აღდგენა იყო, რომელიც პირველ თამაშში ძალიან ბევრი „წავიდა''. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი მოედანზე სრულიად მობილიზებული გამოვა. ძალიან რთულ თამაშს ველოდებით, სხვან მოლოდინი არ გვაქვს. ხორვატიის 21-წლამდე ნაკრები ძალიან ძლიერი მეტოქეა. ხორვატიის ნაკრებსა და ზოგადად ხორვატ ერს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენი გეგმები და ჩვენი მიზნები გვაქვს. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ დღეს აქ ვყოფილიყავით. ბევრი ვიშრომეთ და არაფერს დავთმობთ''.

ხვალ საქართველოს ეროვნული, 21-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებები გადამწყვეტ შეხვედრას ჩაატარებენ. ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა იმ ფეხბურთელთა რაოდენობა, რომლებიც ნიჭთან ერთად განვითარების სურვილს ავლენენ. რამაზ სვანაძეს, რომელმაც ახლახან ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე თამაშის პერსპექტივაზე ვკითხე.

რამაზ სვანაძე: „ძნელია იმაზე საუბარი რამდენად რეალური იქნება მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე თამაში. ჩვენი ერთადერთი და ყველაზე მთავარი მიზანი სტაბილურობის შენარჩუნებაა, თაობების ცვლის მიუხედავად შედეგს სტაბილურად უნდა ვაღწევდეთ, პოზიტიური დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ. ყველაზე სწორი სწორედ ამ გეგმის სისრულეში მოყვანაა. ბოლო 2-3 წელიწადში ქართულ ფეხბურთში ბევრი პოზიტიური რამ მოხდა, რაც შემთხვევითი არაა, ეს გეგმაზომიერი მუშაობის შედეგია. ეს მიზანი ფედერაციის ხელმძღვანელებისა და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისგან არაერთხელ გაჟღერებულა. ამ საკითხზე მეც ბევრჯერ მისაუბრია.

ხვალინდელი თამაში ამ გეგმის  ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ხვალ სამივე ნაკრებს გადამწყვეტი შეხვედრა აქვს. მინდა ეროვნულ ნაკრებსა და 19-წლამდე ნაკრებს წარმატება ვუსურვო. ეროვნული ნაკრები ყველაზე მთავარია, მაგრამ თუ ასაკობრივებზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი ეროვნული ნაკრების პრიზმიდან განიხილება. ასაკობრივი ნაკრებების წარმატება დიდი შრომის შედეგია. ამ დინამიკის შენარჩუნება გვინდა. თაობების ცვლის მიუხედავად შევინარჩუნოთ სტაბილურობა და ევროპის ჩემპიონატებზე ძალიან ხშირად ვითამაშოთ. თუ ამ ყველაფერს ის შედეგი დაემატება, რომ მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე ვითამაშებთ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ გეგმის შენარჩუნებაა, რომ თაობების ცვლილებების მიუხედავად ფინალურ ეტაპებზე ხშირად ვითამაშოთ’’.

დიმა შარიქაძე რიეკადან კრისტალსპორტისთვის

მიმდინარეობს განახლება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თბილისის თამაში წარსულია, ახლა ყველაფერი განსხვავებული იქნება“ - ჩეხების პრესკონფერენცია
„თბილისის თამაში წარსულია, ახლა ყველაფერი განსხვავებული იქნება“ - ჩეხების პრესკონფერენცია