„ჩვენი სავარჯიშო მოედანი დაწყევლილია“ | როცა წარუმატებლობა ზებუნებრივი ძალების ბრალია
ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე „სუინდონის“ მთავარმა მწვრთნელმა, იან ჰოლოუეიმ საკუთარი გუნდის ცუდ სათამაშო ფორმას უცნაური ახსნა მოუძებნა. ჰოლოუეის ვარაუდით, „სუინდონის“ სავარჯიშო მოედანი დაწყევლილია და მისი განწმენდაა აუცილებელი. 61 წლის სპეციალისტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუნდის კაპიტანმა, ოლი კლარკმა ვარჯიშისას სერიოზული ტრავმა მიიღო.
„აბსოლუტურად განადგურებული ვარ და ვეცდები, ჩვენი სავარჯიშო მოედანი განვწმინდო, რადგან მეუბნებიან, რომ ის დაწყევლილია. ჩვენი სავარჯიშო მოედანი ძალიან ახლოსაა უძველეს სასაფლაოსთან და პრობლემა სწორედ ესაა.
ვაპირებ, ჩემს მეუღლეს დახმარება ვთხოვო და საჭირო ხალხი მოვიყვანოთ, რათა ეს საკითხი მოვაგვაროთ. არ ვგეგმავ, ბარი ფრაის მაგალითი გავიმეორო, რომელმაც სტადიონის ოთხივე კუთხეში მოშარდა. ჩემს მეუღლესა და მის ნათელმხილველს მოვიყვან და საქმეს ისინი მიხედავენ“.
ცნობისთვის, ჰოლოეუი „სუინდონის“ მთავარ მწვრთნელად ოქტომბრის ბოლოსკენ დაინიშნა და მისმა გუნდმა პირველი ქულები გასულ ტურში, „აკრინგტონის“ წინააღმდეგ აიღო. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და 61 წლის სპეციალისტს იმედი აქვს, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვლება.