ფინელებთან შეხვედრამდე - თოკოს მაგარი მატჩი სერია A-ში
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის VIII ტურში „ვირტუსმა“ საკუთარ დარბაზში „სასარი“ 10-ქულიანი სხვაობით, 95:85 დაამარცხა და ჯერ სერია A-ში „ვარეზესთან“ (95:104), ხოლო შემდეგ ევროლიგაში „რეალთან“ (86:98) და „პანათინაიკოსთან“ (77:82) განცდილი ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, გამარჯვების გემო გაიხსენა.
გამარჯვებულებს შორის საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელიც ბოლონიის გუნდს მოგებაში 27 წუთში დაგროვებული 19 ქულით, 3 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. თოკომ რვიდან ხუთი ორქულიანი, ხოლო ათიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან ჩაგდება კი ერთხელ სცადა, თუმცა მისი ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა. შენგელიას სამი მოხსნიდან ორი დაცვაში, ერთი კი შეტევაში ასპარეზობისას დაფიქსირდა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
20 ნოემბერს, შენგელია „ვირტუსის“ რიგებში ევროლიგაში „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდება და მატჩის დასრულებისთანავე ჰელსინკიში გაფრინდება, სადაც მეორე დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებს ფინეთთან შეხვედრაში დაეხმარება.