არველაძემ „რეალს“ გაუტანა - ლეგენდების მატჩი ამსტერდამში
„აიაქსმა“ მშობლიურ „იოჰან კრუიფ არენაზე“ ლეგენდების მატჩში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ნიდერლანდული ფეხბურთის გრანდის რიგებში შოთა არველაძემ ითამაშა, რომელიც მხოლოდ მოედანზე გასვლით არ დაკმაყოფილდა და 41-ე წუთზე, რაიან ბაბელის გადაცემით იკერ კასილიასის კარში გოლი გაიტანა.
შეხვედრის ბოლოს კიდევ ორი ბურთი გავიდა - ჯერ სიმ დე იონგმა მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში რუბენ დე ლა რედმა დააფიქსირა, რომელმაც თავის დროზე კარიერა 24 წლის ასაკში, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ არველაძე „აიაქსის“ შემადგენლობაში 1997-2001 წლებში თამაშობდა და დედაქალაქურ კლუბთან ერთად ერთხელ ერედივიზიონი, ორჯერ კი ქვეყნის თასი მოიგო. 26 გოლით ის დღემდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.