კარგი პირველი ტაიმის შემდეგ - დასანანი მარცხი იტალიასთან
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის მეორე ტესტ-მატჩი ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, იტალიის ეროვნულ გუნდთან გენუაში, „ლუიჯი ფერარირის“ სტადიონზე 17:20 წააგო. მარცხი ბუნებრივია ძალიან დასანანი იყო ბრწყინვალედ ჩატარებული პირველი ტაიმის ფონზე, სადაც ბორჯღალოსნებმა ორი ერთმანეთზე ლამაზი ლელო დადეს, თუმცა მეტოქეს საბოლოო ჯამში უფრო მეტი ენერგია აღმოაჩნდა და შესვენების შემდეგ მათი უპირატესობა აშკარა გახდა.
შეხვედრის დებიუტში უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო, რომლებიც სტუმრებს განსაკუთრებით რაქში თამაშის დროს აღემატებოდნენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჭკვიანური და ორგანიზებული დაცვის ხარჯზე, ბორჯღალოსნებმა „სკუადრა აძურას“ არც ერთი ლელოს დადების საშუალება არ მისცეს, თავად ქართველმა მორაგბეებმა კი მეტოქის ჩათვლის მოედანი ორი ერთმანეთზე ლამაზი იერიშის შედეგად აიღეს.
ჯერ აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ სტუმართა უსწრაფესი და თავბრუდამხვევი შეტევა ლოგიკურად აკაკი ტაბუცაძემ დაასრულა, რომელმაც 43-ე სანაკრებო მატჩში თავი საიუბილეო, მე-40 ლელოთი გამოიჩინა. რამდენიმე წუთში კი იტალიელების გრძელი გადმოკიდებული პასის შემდეგ, ბურთი დავით ნინიაშვილს მიუვიდა. მსოფლიო რაგბის ახალგაზრდა ქართველმა ვარსკვლავმა თითქმის 60-მეტრიანი დრიბლინგის მერე ბურთი ვასილ ლობჟანიძის გადააწოდა და დღევანდელ შეხვედრაში ბორჯღალოსნების კაპიტანმა თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მასპინძლებმა შესვენებამდე მოახერხეს, ორი საჯარიმოს გატანა იყო და პირველი ნახევარი ქართველებმა 11-ქულიანი სხვაობით მოიგეს.
მეორე ტაიმი ჩვენი გუნდისთვის საშინლად დაიწყო - იტალიელების მრავალფაზიანი შეტევა აკა ტაბუცაძისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებითა და საჯარიმო ლელოთი დასრულდა. რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა ბორჯღალოსნებმა კი ბოლომდე ვერ გაძლეს და იტალიელებმა მეტოქის ჩათვლის მოედანი კიდევ ერთხელ აიღეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და მასპინძლები 3-ქულიანი უპირატესობით წინ გავიდნენ. დარჩენილ დროში ბორჯღალოსნებს გარდატეხის შეტანის რამდენიმე შანსი მიეცათ, მაგრამ დაღლა დაეტყოთ, ვერაფერი გააწყვეს და საბოლოოდ იტალიის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.
შემოდგომის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები 24 ნოემბერს დაასრულებენ, როდესაც თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ტონგის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ - შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.