Il Mattino: ბარსელონა მზად არის ხვიჩას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ნაპოლიში კვლავ ბუნდოვანია. ქართველი ფეხბურთელის მხარე და გუნდის ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.
რამდენიმე დღის წინ, სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯვაროსნების ვარსკვლავის გადაბირებით ბარსელონა ინტერესდება.
დღეს, იტალიური ავტორიტეტული გამოცემა Il Mattino ამ ინფორმაციას ადასტურებს და დეტალებს გვიმხელს.
წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი მზად არის ხვიჩას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს ის რაოდენობაა, რომელიც მამუკა ჯუღელს სურს, რომ კვარაცხელიას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად ჩაიწეროს.
შეგახსენებთ, რომ აურელი დე ლაურენტისი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ხვიჩას გარემოცვა კი წელიწადში ანაზღაურების სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა უფრო პრიორიტეტული სწორედ გამოსასყიდი თანხაა.
ჯერჯერობით მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ და არის მაღალი ალბათობა, რომ ქართველი შემტევი 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნაპოლის დატოვებს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარამ ნაპოლის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.