ახალგაზრდულს ეროვნულზე რთული მატჩი ელის - ცეცაძე სანაკრებო ამბებზე
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფეხბურთის ქართველი ქომაგების ყურადღება ჯერ ახალგაზრდული, შემდეგ კი ეროვნული ნაკრების თამაშებისკენ იყო მიპყრობილი. რამაზ სვანაძის მომზადებულმა გუნდმა „მიხეილ მესხი არენაზე“ ხორვატები 1:0 დაამარცხა, ბათუმში საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩი კი ფრედ, 1:1 დასრულდა.
განვლილი თამაშები საკმაოდ საინტერესოდ შეაფასა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას გია ცეცაძემ, რომელიც რამდენიმე წლის წინ 21-წლამდე ნაკრებს ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საკმაოდ კარგი და გამართული ფეხბურთი ითამაშა.
გია ცეცაძე
ვფიქრობ, ბათუმში კანონზომიერი შედეგი დაფიქსირდა. ბუნებრივია ყოველთვის გვაქვს სურვილი და ახლა უკვე შესაძლებლობაც რომ უკრაინის დონის ნაკრები დავამარცხოთ, მაგრამ დაფიქსირებული ფრით ტრაგედია არ მომხდარა.
მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ვილი სანიოლის ტაქტიკურ განსწავლულობას - ის მუდამ გრძნობს თამაშს და სწორი შეცვლებით მატჩის ხასიათი კიდევ ერთხელ კარგად შეცვალა. პლუს ამას, აღსანიშნავია, რომ მას ფეხბურთელები ბოლომდე ენდობიან, რაც პროცესში, ცივი გონებით გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
საბა კვირკველიას ავტოგოლზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან ასეთი უიღბლობა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. მითუმეტეს, რომ ამ ეპიზოდის შემდეგ მან მთელი თამაში უშეცდომოდ ჩაატარა.
წინ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის, თუმცა მგონია, რომ უფრო მძიმე ამოცანის გადაჭრის წინაშე ახალგაზრდული ნაკრები დგას ხორვატიაში, ვიდრე ეროვნული ჩეხეთში. კონტინენტის პირველობაზე სვანაძის გუნდის მოხვედრა საოცრად დიდი მიღწევა იქნება, სანიოლის ფეხბურთელებს კი მუნდიალის საგზურის მოპოვება შესარჩევი ეტაპიდანაც შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ როგორც ეროვნულის, ასევე ახალგაზრდული ნაკრების მატჩი სამშაბათს, 19 ნოემბერს არის დაგეგმილი. ხორვატია - საქართველო თბილისის დროით 22:00 საათზე, ჩეხეთი - საქართველო კი, 23:45 წუთზე დაიწყება.