ინგლისელი სკაუტი: “მამარდაშვილის ლივერპულში მისვლა კითხვებს აჩენს“
როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი მომავალი სეზონიდან ლივერპულის მაისურს მოირგებს.
ამ მომენტისთვის, ალისონ ბეკერი ტრავმირებულია და მისი ადგილი კელეჰერმა დაიკავა, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას თავს ჯერჯერობით კარგად ართმევს.
ახალი არავისთვის არის, რომ კაომინ კელეჰერს ლივერპულის დატოვება არ სურს და თვლის, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა სკაუტმა მიკ ბრაუნმა თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
რა თქვა ბრაუნმა?
„მამარდაშვილის ლივერპულში მოსვლა კითხვებს აჩენს. ალისონის ტრავმის შემდეგ, კელეჰერმა ყველას დაუმტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს. მან თვით ალისონიც კი გამოიწვია.
კაომინის ბევრი თამაში მაქვს ნანახი და ნამდვილად აქვს უნარი დაამტკიცოს საკუთარი ძალები, მაგრამ ის მეორე მეკარის სტატუსით ბედნიერი არ არის. ლივერპულს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, თუ ვის ანიჭებს უპირატესობას.
მამარდაშვილის ტრანსფერი კელეჰერს პრობლემას უქმნის და მას გარანტიები სჭირდება. თუ გუნდი გარანტიებს ვერ მისცემს, ის აუცილებლად უნდა წავიდეს. ვფიქრობ, სლოტთან ერთად არსებულ სიტუაციას განიხილავს და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს.“
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება. გუშინ ქართველმა კარის დარაჯმა უკრაინის წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა და საქართველო წაგებას გადაარჩინა.