„ის უბრალოდ მხეცია“ - ესპანური პრესა მამარდას ორმაგ მოგერიებაზე
ესპანური გამოცემა El Desmarque საქათველო-უკრაინის მატჩის ბოლო წუთებზე გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავ თამაშს ეხმიანება.
გამოცემა მამარდას ორმაგ მოგერიებაზე ამახვილებს ყურადღებას, როდესაც ქართველმა მეკარემ ჯერ ჰუცულიაკის, შემდეგ კი ნაზარენკოს მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთები მოიგერია.
„მამარდაშვილი საოცარ დონეზე თამაშობს და ეს მან მორიგ ჯერზე უკრაინის წინააღმდეგ დაამტკიცა, როცა ბოლო წუთებზე ორჯერ იხსნა თავისი გუნდი, როგორც ეს ლა ლიგაში „ხეტაფესთან“ მატჩის მიწურულს მოხდა.
უკრაინელები უკვე მეორე გოლის და სტუმრად მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვების აღნიშვნისთვის ემზადებოდნენ, რაზეც მათ მამარდამ უთხრა უარი. მორიგ ჯერზე ის საქართველოს ნაკრების გმირად მოგვევლინა, როგორც ეს არაერთხელ „ღამურების“ შემადგენლობაში მომხდარა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-უკრაინის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში საკუთარ კარში ბურთი საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა კვერკველიამ ჩაჭრა, თუმცა მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქაუტაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 7 ქულა აქვს და ჯერჯერობით ჩვენი გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე რჩება. უკრაინის ნაკრები 5 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო ჩეხეთი (7 ქულა) და ალბანეთი (6 ქულა) მეხუთე ტურის მატჩში ერთმანეთს დღეს მოგვიანებით დაუპირისპირდებიან.
ცნობისთვის, დასკვნით, მე-6 ტურში საქართველო ჩეხეთს, უკრაინა კი ალბანეთს ესტუმრება. ორივე მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება.