„საქართველომ მასპინძლის ფაქტორი ბოლომდე გამოიყენა“ - რებროვი
ერთა ლიგის მეხუთე ტურში ბათუმში საქართველოსთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (1:1) უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა რებროვმა:
„მძიმე საფარზე რთული მატჩი გამოვიდა. შეგვეძლო მატჩის მოგება, მაგრამ ფრეს დავჯერდით. წინ კიდევ ერთი თამაშია და უნდა მოვემზადოთ. საქართველოს ნაკრები სახლში თამაშობდა და მასპინძლის ფაქტორი ბოლომდე გამოიყენა. გადამწყვეტი ფაქტორი სწრაფი გოლი იყო, რის გამოც სასურველი ანგარიშის შენარჩუნებას ვცდილობდით. ჩვენ ვიცით და ვაცნობიერებთ, რომელ ქვეყანას წარმოვადგენთ, და ამიტომ ბოლომდე ვიბრძვით.
მიხაილო მუდრიკმა ძალიან ბევრი იშრომა, ის ჩვენთვის შეუცვლელი ფეხბურთელია. აღსანიშნავია, რომ საფარის მდგომარეობის გამო მან თავისი შესაძლებლობების 100% ვერ აჩვენა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას და იუხიმ კონოპლიას დაპირისპირებას, მიმაჩნია, რომ ჩვენი დაცვა ხვიჩას გაუმკლავდა.
გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი, საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და ომის პირველივე დღიდან მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-უკრაინის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში საკუთარ კარში ბურთი საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა კვერკველიამ ჩაჭრა, თუმცა მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქაუტაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 7 ქულა აქვს და ჯერჯერობით ჩვენი გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე რჩება. უკრაინის ნაკრები 5 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო ჩეხეთი (7 ქულა) და ალბანეთი (6 ქულა) მეხუთე ტურის მატჩში ერთმანეთს დღეს მოგვიანებით დაუპირისპირდებიან.
ცნობისთვის, დასკვნით, მე-6 ტურში საქართველო ჩეხეთს, უკრაინა კი ალბანეთს ესტუმრება. ორივე მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება.