მენტალიტეტი ვაჩვენეთ - მიქაუტაძის გოლი და მამარდას გმირობა
ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში უკრაინასთან 1:1 ითამაშა. პირველი ტაიმი კვერკველიას ავტოგოლით დავთმეთ, თუმცა მეორე ტაიმში მოედანზე მიქაუტაძე გამოვიდა, სანიოლმა ცვლილება გამოიცნო, მიქაუტაძემ გამათანაბრებელი გოლი შეაგდო.
ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ჩეხეთი 8 ქულით პირველზეა, საქართველოსა და ალბანეთის აქტივში 7-7 ქულაა, უკრაინა 5 ქულით აუტსაიდერია. დასკვნით ტურში ჩეხეთი საქართველოს მიიღებს, ალბანეთი - უკრაინას. ორივე მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
გაშვებული გოლის ეპიზოდში უპირველესად გიორგი ქოჩორაშვილი შეცდა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოსთან არაზუსტად იმოქმედა და უკრაინამ მწვავე შეტევა განახორციელა. მუდრიკის გამჭოლი გადაცემის შემდეგ კვერკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მხოლოდ კვერკველიას დადანაშაულება სწორი არ იქნება, რადგან უკრაინელთა შეტევა სხვა ფეხბურთელებმაც ვერ შეაჩერეს, მათ შორის ჩაკვეტაძემ, რომელსაც მუდრიკმა „თავბრუ დაახვია’’.
საქართველოს ნაკრები ბურთის ფლობის უპირატესობას ფლობდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში პრობლემები იყო. ასევე, პირველ ტაიმში ტრუბინმა კვარას ბრწყინვალე დარტყმა აუღო. მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიას შესანიშნავი მოქმედების შემდეგ დავითაშვილს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა ძალიან ცუდად დაარტყა.
ასევე, გამოსარჩევია მომენტი, როცა კვარაცხელიამ ორ უკრაინელს გვერდი აუარა და შორეულ კუთხეში დაარტყა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩამ გოლი ვერ გაიტანა, თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა, შეტევაში ძალიან აქტიური იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, საუკეთესო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
სანიოლმა ცვლილება გამოიცნო, მიქაუტაძე მოედანზე გამოვიდა და გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, შესვენებაზე ვილიმ ჩაკვეტაძის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან რთული და საკამათო ნაბიჯია, როცა ასეთ კრეატიულ ნახევარმცველს ცვლი.
გიორგი მიქაუტაძემ ეროვნულ ნაკრებში მე-15 გოლი გაიტანა. ეროვნული ნაკრების ისტორიაში მეგოლეებს შორის ალექსანდრე იაშვილს გაუთანაბრდა, მასთან მე-3 ადგილს იყოფს. მეორე პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია და თემურ ქეცბაია არიან 17-17 გოლით, ლიდერი შოთა არველაძეა 26 გოლით.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები გაცილებით ორგანიზებულად და მწვავედ უტევდა. ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს და ჩაგდებული/წაგებული ტაიმის შემდეგ მატჩის სურათი შეცვალეს. გამარჯვება იდეალური იქნებოდა, თუმცა ასეთი ტაიმის შემდეგ ფრე კარგი შედეგია.
მატჩის მიწურულს გიორგი მამარდაშვილმა გოლისგან გვიხსნა, უკრაინელთა შეტევისას ორი ურთულესი დარტყმა მოიგერია, ქულის მოპოვებაში მისი წვლილი დიდია.
მატჩის მიმოხილვა
საქართველო: მამარდაშვილი, კვერკველია (გოჩოლეიშვილი 67), კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი, შენგელია (წიტაიშვილი 67), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 86), ჩაკვეტაძე ( დავითაშვილი 46), კვარაცხელია, ზივზივაძე (მიქაუტაძე 67)
უკრაინა: ტრუბინი, კონოპლია, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო, ბრაჟკო (კალიუჟნი 80), ზუბკოვი (ჰუცულიაკი 64), სუდაკოვი (ნაზარენკო 86), შაპარენკო (კრისკივი 64), მუდრიკი, დოვბიკი (იარემჩუკი 80)
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს სტუმრად ჩეხეთთან 19 ნოემბერს გამართავს. თამაში თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.