„გამოჩნდა, რომ ხასიათის ჩვენება შეგვიძლია“ - სანიოლი უკრაინასთან მატჩზე
ერთა ლიგის მეხუთე ტურში ბათუმში უკრაინასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (1:1) საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა ვილი სანიოლმა:
„თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა შეცდომის შემდეგ გოლი გავუშვით და ამან გუნდზე იმოქმედა. ასეთ დონეზე მსგავს შეცდომებს არავინ გაპატიებს. მეორე ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ და მიხარია, რომ ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა იმედები არ გამიცრუეს. ვფიქრობ, ბოლო წუთებზე მეტის მიღწევა შეგვეძლო.
სამწუხაროა, რომ შესვენებამდე მეტოქეს ჩვენი თამაში ვერ შევთავაზეთ. გუნდი ზრდის პროცესშია და მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ მატჩის მიმდინარეობის დროს ხასიათის ჩვენება შეგვიძლია. ასეთი შეცდომების შემდეგ ვიზრდებით, რაც გვაახლოებს ჩვენს მთავარ მიზანთან - მალე ვითამაშოთ უმაღლეს დონეზე.
ზურიკო განსხვავებული სტილის ფეხბურთელია და მოედანზე იმიტომ შემოვიყვანე, რომ მას მეტოქის დაცვის ხაზი გაეწელა. შეკრების დაწყებამდე მიზნები სხვა იყო და დღეს შეიძლება საბას დაეწყო თამაში. ყოველთვის ერთი და იგივე 11-ეული მოედანზე ვერ გამოვა. ერთა ლიგა იმისთვისაა, რომ როტაციას მივმართოთ ხოლმე და ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშოს.
5 წლის წინ D დივიზიონში ვიყავით, ნელ-ნელა ვიზრდებით და შეიძლება A დივიზიონში ვიასპარეზოთ. ჩვენი ეს ზრდა აღსანიშნავი და გამოსარჩევია. ჩვენი მიზანი ყოველთვის ამბიციური იქნება. იმ შემთხვევაში, თუ A დივიზიონში დავწინაურდებით, ეს იმის მანიშნებელი არ იქნება, რომ ფანტასტიკური გუნდი გავხდით. მთავარია, გავიზარდოთ იმ თამაშებით და გავიზიაროთ ის ემოციები, რასაც ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიო ჩემპიონატზე მივიღებთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-უკრაინის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში საკუთარ კარში ბურთი საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა კვერკველიამ ჩაჭრა, თუმცა მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქაუტაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 7 ქულა აქვს და ჯერჯერობით ჩვენი გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე რჩება. უკრაინის ნაკრები 5 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო ჩეხეთი (7 ქულა) და ალბანეთი (6 ქულა) მეხუთე ტურის მატჩში ერთმანეთს დღეს მოგვიანებით დაუპირისპირდებიან.
ცნობისთვის, დასკვნით, მე-6 ტურში საქართველო ჩეხეთს, უკრაინა კი ალბანეთს ესტუმრება. ორივე მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება.