ვის დააყენებს რებროვი ძირითადში - უკრაინული გამოცემის პროგნოზი
უკრაინული გამოცემა Tribuna დღეს ერთა ლიგაზე საქართველოსა და უკრაინას შორის დაგეგმილ მატჩზე წერს და უკრაინელთა სავარაუდო თერთმეტეულთან დაკავშირებით საკუთარ პროგნოზს აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, რებროვს 6 პოზიციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ აქვს, ხოლო დანარჩენ 5 პოზიციაზე არჩევანის გაკეთება მოუწევს.
ვინ გამოვა ძირითადში
უკრაინული გამოცემის ცნობით, კარს ანატოლი ტრუბინი დაიცავს, რომელიც „ბენფიკაში“ თავს კარგად წარმოაჩენს, ხოლო ლუნინის არყოფნაში, ამ პოზიციასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინტრიგა არ არსებობს.
მარჯვენა მცველი იუხიმ კონოპლია, ხოლო მარჯვენა ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი იქნება. მარცხენა ცენტრალური მცველისა და მარცხენა განაპირა მცველის პოზიციები კითხვის ქვეშაა.
საყრდენ ნახევარმცველად რებროვი ვოლოდიმირ ბრაჟკოს ათამაშებს, ხოლო ნახევარდაცვის ცენტრს გეორგი სუდაკოვს ჩააბარებს. მოედნის ცენტრში კიდევ ერთი პოზიცია ასევე კითხვის ქვეშ რჩება.
შეტევის მარცხენა ფლანგზე ისევ მიხაილო მუდრიკი ითამაშებს, ხოლო ცენტრფორვარდისა და მარჯვენა გარემარბის პოზიციებზე რებროვს არჩევანის გაკეთება მოუწევს.
რებროვის თავსატეხი
მარცხენა მცველი: ვიტალი მიკოლენკო, მიკოლა მატვიენკო თუ ოლეკსანდრ ზინჩენკო? ძირითადი მარცხენა მცველი მიკოლენკოა, რომელიც მუდრიკს კარგად აზღვევს და დაცვით ხაზს მეტ სტაბილურობას სძენს. თუმცა შეტევაში მასსა და მუდრიკს შორის ურთიერთქმედება კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა - ისინი ხშირად ერთმანეთს უშლიან ხელს. სწორედ ამის გამო რებროვმა შესაძლოა მარცხენა მველად ზინჩენკო ან მატვიენკო დააყენოს - ორივე მათგანს მოედნის ცენტრში შესვლა და ბურთის გაკონტროლება შეუძლია.
მარცხენა ცენტრალური მცველი: მიკოლა მატვიენკო თუ მაქსიმ ტალოვეროვი? მიკოლენკოსა და ზინჩენკოს არყოფნაში წინა მატჩებში რებროვმა მოულოდნელად ტალოვეროვი დაცვის ცენტრში, ხოლო მატვიენკო ფლანგზე ათამაშა. გამოუცდელ ტალოვეროვს ცუდად არ უთამაშია და კარგი შტაბეჭდილება დატოვა. ის, თუ ვინ გამოვა ამ პოზიციაზე ძირითადში, დამოკიდებული იქნება მარცხენა მცველის კანდიდატურაზე: თუ ფლანგზე მიკოლენკო ითამაშებს, მაშინ მარცხენა ცენტრალური მცველი მატვიენკო იქნება, ხოლო თუ ცენტრში რებროვმა არჩევანი ტალოვეროვზე შეაჩერა, მაშინ დაცვის მარცხენა ფლანგს ზინჩენკო ან მატვიენკო ჩაიბარებენ.
ცენტრალური ნახევარმცველი: მიკოლა შაპარენკო თუ ოლეკსანდრ ზინჩენკო? როდესაც შაპარენკო სუდაკოვთან ერთად თამაშობს, ხშირად მათი მხრიდან ფუნქციების დუბლირება ხდება. ზინჩენკო „არსენალში“ თითქმის არ თამაშობს, მან ბოლო სანაკრებო მატჩებიც გამოტოვა, შესაბამისად, დიდი ალბათობით, ამ პოზიციაზე რებროვი შაპარენკოს დააყენებს.
მარჯვენა გარემარბი: ოლექსეი გუცულიაკი, ოლეკსანდრ ნაზარენკო თუ ოლეკსანდრ ზუბკოვი? ციგანკოვისა და იარმოლენკოს არყოფნაში ამ პოზიციაზე დიდი ალბათობით „ჟიტომირ პოლისიას“ შემტევი გუცულიაკი გამოვა.
ცენტრფორვარდი: არტემ დოვბიკი თუ რომან იარემჩუკი? იმის გათვალისწინებით, რომ დოვბიკმა ნაკრებთან ერთად ვარჯიში მხოლოდ ხუთშაბათს დაიწყო, სავარაუდოდ, ძირითადში იარემჩუკი გამოვა, ხოლო თუ დოვბიკი სათამაშო ფორმას აღიდგენს, ის ალბანეთთან მოხვდება სასტარტოში.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-უკრაინის მატჩი დღეს ბათუმში გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.