ლიზი კანკია | „ფრიადოსანი“ ფეხბურთელი და ერთგულების მაგალითი
საქართველოს 2024 წლის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონი ლანჩხუთი გახდა, თუმცა ამ სტატიაში სულ სხვა რამეზე და სულ სხვა ვინმეზე მინდა გესაუბროთ.
სათაური ალბათ კითხვას გაგიჩენთ, თუ რას ნიშნავს „ფრიადოსანი“ ფეხბურთელი.. დიახ, ლიზი კანკია ფრიადოსანი ფეხბურთელი და ერთგულების მაგალითია.
ფრიადოსანი
რატომ ფრიადოსანი? თანამედროვე ქართულ ქალთა ფეხბურთში ხშირად შევხვდებით დისციპლინის პრობლემებს, როგორც სათამაშო, ისე მოედანს მიღმა..
კანკია ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. მოედანზე თავს ყველაზე კომფორტულად „ათიანის“ და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გრძნობს, თუმცა უკვე დასრულებულ სეზონში არაერთხელ ითამაშა ფლანგის შემტევად, რაც მისთვის დისკომფორტია, მაგრამ ლიზი იმ ფეხბურთელების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მწვრთნელის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს სცემს, არ აპროტესტებს და იქ თამაშობს, სადაც ეუბნებიან..
შეიძლება ეს ფაქტი სავსებით ნორმალურად მოგეჩვენოთ და ასეც უნდა იყოს. პროფესიონალი ფეხბურთელი ასე უნდა იქცეოდეს, მაგრამ ვინც არ იცით გეტყვით, რომ არასასურველ პოზიციაზე დაყენების გამო ზოგიერთი ქალი ფეხბურთელი თამაშზე უარს ამბობს, მწვრთნელს უპირისპირდება და ა.შ. სამწუხაროდ, ეს ქართულ ქალთა ფეხბურთში იშვიათი მოვლენა არ გახლავთ..
სწორედ ამიტომ ვიხსენიებ მას, როგორც „ფრიადოსან“ ფეხბურთელს.. ლიზის ეს დამოკიდებულება კი განვითარებაში ეხმარება..
ლიზი კანკია საქართველოს 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი გახლავთ, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა იმ კონკურენციის ფონზე, რაც ახალ თაობაში გვხვდება. ეროვნული ნაკრების საკითხს ცოტა ქვემოთ შევეხები, მანამდე კი მის ერთგულებაზე მოგიყვებით..
ერთგულება
მომავალი სეზონიდან ქალთა ფეხბურთში ბევრი რამ იცვლება. 2025 წელს, ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშებს გუნდი სახელად „ლუსო ელიტა“, რომელიც ქალთა ფეხბურთში ახალი სიტყვა იქნება და არსებულ რეალობას მნიშვნელოვნად შეცვლის.
„ლუსო ელიტაში“ აბსოლუტურად ყველა ის პირობა იქნება, რაც ფეხბურთელს სჭირდება. ანაზღაურებაც შესაბამისი. მოკლედ რომ გითხრათ, „ლუსო ელიტა“ ძალიან ბევრი ქალი ფეხბურთელისთვის ოცნების კლუბი იქნება!!
კანკია იმდენად ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია, რომ ასეთი გუნდის ინტერესი გამოიწვია და შეთავაზებაც ჰქონდა, მაგრამ ლიზიმ უარი თქვა და მის ამჟამინდელ კლუბში კვარტალში დარჩენა გადაწყვიტა.
2024 წლის სეზონში, კვარტალმა არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის ეროვნული ნაკრების წევრები და ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მომავალ სეზონში სიტუაცია იცვლება. გამოცდილი და ასაკით შედარებით დიდი ფეხბურთელები გუნდს დატოვებენ და აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდება. კანკიას თავისუფლად შეეძლო ლუსოში გადასვლა, მაგრამ კვარტალში დარჩა. მომავალ სეზონში, ამ გუნდის ლიდერი სწორედ 7-ნომრიანი მაისურით მოთამაშე „ფრიადოსანი“ ლიზი კანკია იქნება..
ჩვენთან ინტერვიუს დროს, ლიზი კვარტალზე ასე საუბრობს:
„პირველად ფეხბურთის თამაში ‘პროფესიონალურ ‘დონეზე 12 წლის ასაკში საფეხბურთო კლუბ კვარტალში დავიწყე. ჩემი ყველა მკაფიო საფეხბურთო მოგონება ამ გუნდს უკავშირდება. კვარტალი ჩემთვის არის მეორე ოჯახი, სადაც უკვე მეხუთე სეზონს ვატარებ. რომ არა ეს გუნდი, ახლა ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ.“
ვფიქრობ, ამ სიტყვებით ყველაფერი ნათელია..
2024 წლის სეზონი
როგორც უკვე მოგახსენეთ, უკვე დასრულებულ სეზონში კვარტალმა გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა და ლიზის იმდენი სათამაშო დრო აღარ ეძლეოდა, რამდენიც წინა სეზონებში, თუმცა ბოძებულ წუთებს იდეალურად იყენებდა და ვფიქრობ, გაცილებით მეტსაც იმსახურებდა..
2024 წლის სეზონში, კვარტალმა 19 მატჩი ჩაატარა. კანკიამ 15-ში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 9-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში. სხვა შემთხვევებში, ძირითადად მეორე ტაიმში შედიოდა მოედანზე. 15 თამაშში 17 წლის ნახევარმცველმა 11 გოლი გაიტანა, რაც მისი ასაკის ფეხბურთელისთვის და იმ კონკურენციის ფონზე, რაც მის გუნდში იყო, დიდებული შედეგია..
საფეხბურთო შესაძლებლობები
თითოეულ ადამიანს თავისი საფეხბურთო გემოვნება აქვს. პირადად მე ძალიან მიყვარს ე.წ. საჯარიმოს თავდამსხმელები. როგორც უკვე მოგახსენეთ, კანკიას თავისუფლად შეუძლია ითამაშოს „ათიანის“ პოზიციაზე და ცენტრალურ თავდასხმაში.
ლიზის საფეხბურთო შესაძლებლობებში გამოსარჩევია ე.გ. „First touch”(პირველი შეხება ბურთთან) და გამოზომილი, ჭკვიანური პასის უნარი. ამით ხაზი შეგვიძლია გავუსვათ მისი მოედნის ხედვის შესაძლებლობასაც..
რაც შეეხება თავდამსხმელის უნარებს, მისი გოლების უმეტესობა სწორედ საჯარიმოდან არის გატანილი. კანკიას მომენტების რეალიზება ძალიან კარგად გამოსდის. ყველაფერი ხომ შედარებითია? მაგალითად მე, ლეგენდარულ ფილიპო ინძაგისთან გავავლებდი პარალელს. ყველას კარგად გემახსოვრებათ იტალიელი ყოფილი თავდამსხმელი, რომელიც მომენტებს იდეალურად აგვირგვინებდა და ასევე „არაფრიდან“ იტანდა გოლებს.
სამწუხაროდ, ქალთა ფეხბურთს საქართველოში იმ დონეზე არ აშუქებენ, რომ კანკიას ყველა გოლის ჩვენების შესაძლებლობა მქონდეს, მაგრამ დამერწმუნეთ, მას შეუძლია ისეთ დროს დაარტყას კარში ზუსტად, როცა ამას არავინ ელოდება.
ეს 13 წლის კანკიას მომენტებია
ეროვნული ნაკრები
„ფრიადოსნობაში“ მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტები არ შედის. ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას აკეთებს თავისუფალ დროს. კითხვაზე, თუ რას აკეთებს თავისუფალ დროს, კანკიამ გვიპასუხა:
„თავისუფალ დროს ოჯახთან და მეგობრებთან ვატარებ. ისინი მეხმარებიან დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვაში."
ის თანამედროვე თინეიჯერივით არ იქცევა და თავისუფალ დროს კლუბებში და ბარებში არ ატარებს. იცავს დღის რეჟიმს და მაქსიმალურად ცდილობს საუკეთესო საფეხბურთო კონდიციებში იყოს..
მისი ასეთი დამოკიდებულება კი ნამდვილად დაფასდა. ლიზი რამდენჯერმე იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული, მაგრამ დებიუტი მოგვიანებით ჰქონდა. ეს „მოგვიანებით“ კი საქართველოს ქალთა ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში იყო..
ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ირლანდიას დაუპირისპირდა(სამწუხაროდ დამარცხდა). ლიზი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. მის ასაკში ყველას არ ეძლევა იმის შანსი, რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. ასაკობრივი ნაკრების კაპიტნობაზე კი უკვე მოგახსენეთ..
უკვე ამ სტატიის დასასრულისკენ მივდივართ და მინდა სიტუაცია შევაჯამო. ქართულ ქალთა ფეხბურთში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი იზრდება და ლიზი კანკია ერთ-ერთი მათგანია. ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში, ლიზი კანკია ანანო წიქარიძესთან და კესო მეტონიძესთან ერთად ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრი იქნება. ლიზის ფეხბურთისადმი დამოკიდებულება მაგალითი უნდა იყოს ყველა იმ დამწყები ფეხბურთელისთვის, რომელთა ოცნებაც დიდი ფეხბურთელობა და ეროვნულ ნაკრებში თამაშია..
და ბოლოს გაგიზიარებთ ლიზი კანკიას დევიზს. მისი დევიზი გოეთეს გენიალური სიტყვებია:
„თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა იმ ძაღლს, რომელიც გიყეფს ქვა ესროლო, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ”..