დემჩენკო: უკრაინა ფავორიტია, რებროვმა იცის საქართველოს როგორ მოუგოს
გორის „დილასა“ და ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ, უკრაინულ მედიასთან საქართველო უკრაინის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და თავისი პროგნოზი გამოთქვა.
დემჩენკო თვლის, რომ რებროვმა სანიოლის ტაქტიკა კარგად გაშიფრა.
პირველი მატჩი - როგორ გაშიფრა რებროვმა სანიოლის გუნდი
„საქართველოს ევრო 2024-ზე ნაჩვენები თამაშის მიხედვით, წინა დაპირისპირების წინ, ფავორიტად სანიოლის გუნდს მივიჩნევდი, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. გამოჩნდა, რომ რებროვმა გამოსავალი იპოვა. უკრაინამ სანიოლის გუნდს მისი თამაშის დემონსტრირების საშუალება არ მისცა. მათი ლიდერები კვარაცხელია, მიქაუტაძე და ჩაკვეტაძე კარგად იყვნენ დაკეტილები, ბურთის დაკარგვის შემდეგ კი კონტრპრესინგზე მათ წნეხში კარგად აქცევდნენ. საქართველოში ამ მარცხის შემდეგ შეფასებები ნორმალური იყო. ძირითადად მოედნის საფარს აბრალებდნენ.
ვილი სანიოლმა გუნდი ეტაპობრივად ააშენა, ისინი ნაბიჯ ნაბიჯ უმატებდნენ და ევროპის ჩემპიონატზე შეკრულ გუნდად გამოვიდნენ, რომელმაც გაისროლა. ახლა მათ არსებულის განმტკიცება სჭირდებათ. მწვრთნელს ახლა სჭირდება სწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც მომავალში კვლავ იქნება შედეგის მომტანი. დღეს ვითარება შეცვლილია და საქართველოს ნაკრების მატჩებს უკვე მეტოქეები აქტიურ ანალიზს უკეთებენ. ადრე ასე არ იყო და ყველა მათგანი ისჯებოდა ამისთვის.
რებროვმა წინა შეხვედრაში იდეალურ მოდელს მიაგნო, როცა მან ქართველებს ყველანაირი სივრცე შეუზღუდა".
მიქაუტაძე და ლიონი
„ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ ადაპტაციის პერიოდს გადის. ეს ჩვეულებრივი რამ არის. ყველა ჰოლანდივით პირველივე წელს 40 გოლს ვერ გაიტანს. თავის დროზე დარვინ ნუნესსა და ლუის დიასსაც აკრიტიკებდნენ ლივერპულში. ასე რომ, ვერ ვიტყვი, თითქოს მიქაუტაძე ცუდი მოთამაშე გახდა და ნაკრებში კარგად ვეღარ ითამაშებს“.
ბათუმში გასამართ მატჩზე
„ქართველები ახლა შინ ითამაშებენ და ეს მათთვის ცალსახად უპირატესობის მიმცემია. ბილეთები გამოსვლის დღესვე გაიყიდა.
რაც შეეხება შეხვედრას, ვფიქრობ, რებროვი თუ იმავე სქემას გამოიყენებს და ქართველებს შეზღუდავს, მათ პლუსებს გაანეიტრალებს, ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი აზრით, ამჟამად უკრაინა ფავორიტია და მინდა, რომ ჩვენმა ნაკრებმა მოიგოს, მაგრამ საქართველო კერკეტი კაკალია და ბათუმში მარტივი მატჩი არ გველის“.
შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს 21:00-ზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.