პირველად ლებრონის კარიერაში - ლეგენდის მორიგი რეკორდი
ლებრონ ჯეიმსს, რომელიც NBA-ში 22-ე სეზონს ატარებს, დეკემბერში 40 წელი უსრულდება, თუმცა სოლიდურ სპორტულ ასაკში ყოფნის მიუხედავად, ლეგენდარული კალათბურთელი ისეთ შედეგებს აჩვენებს, როგორიც აქამდე არ უჩვენებია. ამის ნათელი მაგალითი იყო „სან ანტონიოსთან“ (120:115) მოგებული შეხვედრა, სადაც „ლეიკერსის“ ლიდერმა 15 ქულა, 16 მოხსნა და 12 ასისტი დააგროვა, რის შემდეგაც სამმაგი დუბლი ზედიზედ მეოთხე მატჩში შეასრულა, რაც მის კარიერაში აქამდე არასოდეს მომხდარა.
რაც შეეხება მატჩის ყველაზე შედეგიან კალათბურთელს, MVP-ის პრიზი ლებრონის თანაგუნდელმა ენტონი დევისმა მიიღო, რომელმაც წლევანდელ სეზონში მისთვის სარეკორდო 40 ქულა დააგროვა, ბურთი ფარიდან 12-ჯერ მოხსნა და ორმაგი დუბლის ავტორიც გახდა. დევისის მიერ თამაშიდან განხორციელებული 26 ტყორცნიდან 14 ზუსტი აღმოჩნდა, საჯარიმოს ხაზიდან კი თორმეტიდან ათი ჩააგდო.
„სპურსის“ რიგებში ამჯერადაც ვიქტორ ვემბანიამა (28 ქულა, 14 მოხსნა) გახლდათ გამორჩეული, ხოლო სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო, 6 წუთი მიეცა და შეხვედრა 2 მოხსნით, 1 დაკარგვითა და 1 პერსონალური ჯარიმით დაასრულა.