პოლმა ტაისონი დაამარცხა - პატივისცემის გამომხატველი ჟესტი
57 წლის ლეგენდარული მაიკ ტაისონი (კარიერის სტატისტიკა: 50-2-ზე) ყოფილ იუთუბერს და ამჟამად მოკრივეს ჯეიკ პოლს დაუპირისპირდა, რომელსაც რინგზე დღევანდელის ჩათვლით 10 ბრძოლა აქვს მოგებული, ერთხელ კი დამარცხდა.
აშშ-ში არლინგტონში გამართული დაპირისპირება 8 რაუნდს გაგრძელდა და არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება პოლმა მოიპოვა. თითოეული რაუნდის ხანგრძლივობა 2 წუთი იყო. სამივე მსაჯმა 27 წლის ჯეიკს გამარჯვება ერთსულოვნად მიანიჭა - 80-72, 79-73, 79-73.
პირველი ორი რაუნდის გარდა, მთელი ორთაბრძოლის დროს უპირატესობას პოლი ფლობდა. აღსანიშნავია მისი ჟესტი ბოლო რაუნდში, როცა მან მაიკის მიმართ პატივისცემა გამოხატა.
როგორც გულშემატკივრები ელოდნენ, ნოკაუტი არც ერთ მხარეს არ შედგა და ეს დაპირისპირება არბიტრების გადაწყვეტილებით დასრულდა.
ეს ტაისონისთვის 2005 წლის შემდეგ პირველი პროფესიონალური ბრძოლა იყო. ისე კი „რკინის მაიკი“ ბოლოს რინგზე 2020 წელს იყო, როცა რეი ჯონს ჯუნიორს დაუპირისპირდა.
ცნობისთვის, ჯეიკ პოლს ნეით რობინსონის, ბენ ასკრენის, ტაირონ ვუდლის, ანდერსონ სილვას, ტომი ფიურის, ნეით დიასის, ანდრე ოგუსტისა და რაიან ბურლანდის წინააღმდეგ უჩხუბია. მას ერთი მარცხი აქვს და ტომი ფიურიმ მოუგო.