მიქაუტაძე ლიგა 2-ში - ლიონს სერიოზული სასჯელი ემუქრება
არსებული მსხვილი ფინანსური დავალიანების გამო, „ლიონი“ შესაძლოა საფრანგეთის ლიგა 1-ის გათამაშებიდან ქვედა დივიზიონში დააქვეითონ. საფრანგეთის ჩემპიონატის საკონტროლო-აღმასრულებელი დირექციის გადაწყვეტილებით, „ოლიმპიკს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ფეხბურთელების დამატება აეკრძალა და თუ არსებული მძიმე მდგომარეობა ზაფხულამდე არ გამოსწორდება, სატურნირო ცხრილში დაფიქსირებული შედეგების მიუხედავად, რონ-ალპის კლუბი მომდევნო წელს ლიგა 2-ში დაიწყებს.
გუნდის მფლობელი ჯონ ტექსტორი ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს გამუდმებით უმეორებდა, რომ საგანგაშო არაფერი ხდებოდა და კლუბის მომავალს საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ვალების გარდა, სახელფასო დავალიანებაც არსებობს იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც უკვე დიდი ხანია „ლიონის“ ღირსებას აღარ იცავენ.
როგორც ირკვევა, „ოლიმპიკის“ დავალიანება 505,1 მილიონ ევროს შეადგენს და ეს ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს 2023 წლის ზაფხულიდან ჰქონდათ, თუმცა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ტექსტორმა სხვადასხვა მოთამაშეებთან დავალიანება არ გაასწორა და რაც ყველაზე დიდი პრობლემაა, ტრანსფერების განხორციელების დროს, უეფას ფინანსური ფეარ-პლეის წესებიც დაარღვია.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“, რომლის ღირსებასაც გიორგი მიქაუტაძე იცავს და ეს ფეხბურთელი „ოლიმპიკმა“ გასულ ზაფხულს „მეციდან“ დაიმატა, ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 18 ქულით მეხუთე ადგილზეა.