ინდივიდუალისტებმა თამაში გააძლიერეს - მიქაძე სვანაძის შეცვლებზე
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის პირველ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ხორვატები 1:0 დააამარცხა და საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა შეიქმნა. შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს გიორგი მიქაძე, რომლის აზრიც ყოველთვის საინტერესოა და რაღა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც. მითუმეტეს, რომ 21-წლამდე ნაკრების ღირსებას მისი რამდენიმე ყოფილი შეგირდი იცავდა.
გიორგი მიქაძე
ჩვენი გუნდის თამაში ძალიან მომეწონა. ფეხბურთელებს ეტყობოდათ, რომ კარგად იყვნენ მომზადებულები და მოწინააღმდეგე არაჩვეულებრივად ჰყავდათ შესწავლილი. შევქმენით ბევრი სახიფათო მომენტი და ერთზე მეტი გოლის გატანაც შეიძლებოდა, მაგრამ სასაყვედურო არავისთან არაფერია.
მეორე ნახევარში სვანაძემ შეცვლებით თამაში აშკარად გააძლიერა - მომეწონა ვასილიოს გორდეზიანი, რომელიც მეორე სართულზე ძლიერია. გიორგი აბუაშვილმა და გაბრიელ სიგუამ კი ინდივიდუალური ქმედებებით მეტოქე გუნდის მცველებს უამრავი პრობლემა გაუჩინეს.
საპასუხო მატჩში დადებითი შედეგის ჩვენება და მიზნის მიღწევა ურთულესი იქნება, რადგან ხორვატებს სწრაფი და ტექნიკური მოთამაშეები ჰყავთ. თუმცა, მე მჯერა ჩვენი გუნდის და იმედია საგზური ჩვენ დაგვრჩება.
რაც შეეხება ჩემს კარიერას, ყველამ კარგად იცის ჩემი შესაძლებლობების შესახებ და ველოდები წინადადებებს. თუ გამოჩნდება გუნდი საინტერესო პროექტით, მუშაობის განახლებისთვის მზად ვარ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაძის ბოლო სამუშაო ადგილი „იბერია“ იყო, რომელსაც საქართველოს თასი მოაგებინა.