ოთარ მამაგეიშვილი, გიორგი კვერნაძე, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

მნიშვნელოვანი გამარჯვება | 21-წლამდე ნაკრებმა ხორვატია 1:0 დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეიოფის პირველი შეხვედრა გამართა. რამაზ სვანაძის გუნდი „მიხეილ მესხზე“ ხორვატიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა.

მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-4 წუთზე, გიორგი კვერნაძემ ფლანგზე იაქტიურა და საჯარიმოში ზუსტი გადაცემა გააკეთა. გიზი მამაგეიშვილის დარტყმა ხორვატთა მეკარემ მოიგერია, რის შემდეგაც არეულობა შეიქმნა და სოლდომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:0.

მე-15 წუთზე, ხორვატებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ. ლოვრო ზვონარეკმა ბრწყინვალედ ითამაშა და ლუკა ხარატიშვილის კარისკენ დაარტყა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. 28-ე წუთზე, მომენტი მატია ფრიგანს ჰქონდა, მაგრამ მისი გასროლა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის 61-ე წუთზე, სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ხორვატთა მეკარემ, ნიკოლა ჩავლინამ შეცდომა დაუშვა და ბურთი გიზი მამაგეიშვილმა მოიპარა, რომელიც ჩავლინამ წააქცია და დამსახურებული წითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ დროში, სვანაძის ბიჭებს სახიფათო მომენტი პრაქტიკულად არ ჰქონიათ და ლოგიკურ შედეგამდე მივედით.

ცნობისთვის, ხორვატიისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების განმეორებითი მატჩი რიეკაში გაიმართება. შეხვედრა 19 ნოემბერსაა ჩანიშნული და თბილისის დროით, 22:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები