„ვეცდებით, კვარა ისევ ისე შევაჩეროთ, როგორც პირველ მატჩში“ - უკრაინელების პრესკონფერენცია
16 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე, უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა და ფეხბურთელმა ვიტალი მიკოლენკომ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
სერგეი რებროვი:
ახლა არ ვიცი, როგორ ფორმაშია საქართველოს ნაკრები. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვითამაშეთ და გარკვეული შეხედულებები ჩამომიყალიბდა. ძლიერი გუნდია, რომელსაც ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს.
წინა შეხვედრისგან განსხვავებული მატჩი იქნება. საქართველოს დიდ პატივს ვცემთ. მათ გულშემატკივრის მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ ვეცდებით, რომ ჩვენც აგრესიულები ვიყოთ და ჩვეული თამაში ვითამაშოთ.
ბევრ ფეხბურთელს მიკროტრავმა აქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს გავლენას არ იქონიებს. ის მოთამაშეები, რომლებიც მოედანზე გამოვლენ, 100%-ით მზად არიან და ვიმედოვნებ, ბოლომდე დაიხარჯებიან.
რაც შეეხება დოვბიკს, დღეს ივარჯიშებს და ამის შემდეგ ვნახავ, იქნება თუ არა ხვალინდელი მატჩისთვის მზად.
ვეცდებით, კვარაცხელია ისევ ისე შევაჩეროთ, როგორც წინა შეხვედრაში. ზოგადად, საქართველოს ნაკრები ბრწყინვალე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ძლიერი შეტევის ხაზი აქვს. სწორედ ამიტომ, ველოდები, რომ ხვალინდელი მატჩი საინტერესო იქნება.
ვიტალი მიკოლენკო:
სათამაშო ფორმა სრულად აღვიდგინე და მზად ვარ. რაც შეეხება წინა თამაშს, საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავდა. არაერთხელ ვითამაშე როგორც დინამოს, ისე ასაკობრივი ნაკრებების წინააღმდეგ და ყოველთვის ანგარიშგასაწევი ფეხბურთელები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება „ბათუმი არენაზე“ 21:00 საათიდან დაიწყება.