„ნაპოლი კვარას იანვარში ან ივნისში გაყიდის“ - გაეტანო ფედელე
ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, გაეტანო ფედელემ Radio Goal-ის ეთერში „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ კვარა „ბარსელონას“ შეთავაზებაზე უარს ვერ იტყვის და ნეაპოლურ კლუბს ან იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ან სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.
რას ამბობს ფედელე:
„ხელფასი, რომელსაც „ნაპოლი“ კვარაცხელიას სთავაზობს, იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. „ნაპოლიმ“ ოსიმენის შემთხვევაში დიდი შეცდომა დაუშვა და ახლა ამის საფასურს იხდის. რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს კვარამ კონტეს „ნაპოლის“? ჩემი აზრით, „პარტენოპეი“ მას იანვარში ან ივნისში გაყიდის.
ლუკაკუს სჭირდება ფორვარდი, რომელიც მასთან ახლოს ითამაშებს. კვარას ამ როლის შესრულება არ შეუძლია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ კონტემ ეს კიდევ სცადოს.
იანვრის სატრანფერო ფანჯარა? თუ „ნაპოლი“ იანვარში პირველ ან მეორე ადგილზე იქნება, ისინი შეძლებენ ძლიერი ფეხბურთელების გადმობირებას, იმიტომ რომ მათ ეცოდონებათ, რომ ნეაპოლში სკუდეტოს მოსაგებად მიდიან. კვარაცხელია ძალიან მომწონს, მაგრამ მესმის, რომ თუ „ბარსელონა“ გეძახის, უარის თქმა რთულია“.
იტალიური მედიის ცნობით, კვარა „ბარსელონას“ და „პარი სენ-ჟერმენის“ რადარებზეა. მანამდე კატალონიურმა მედიამ დაწერა, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა კვარას აგენტს, მამუკა ჯუღელს შეხვდა.
ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის, გამოსასყიდი პუნქტის გარდა, ხელფასის საკითხზეც ვერ ხდება შეთანხმება. იტალიურ პრესაში წერენ, რომ ხვიჩას აგენტები 2 მილიონი ევროთი მეტს ითხოვენ, აურელიო დე ლაურენტისი კი დათმობებზე წასვლაზე უარს აცხადებს.
შეგახსენებთ, ქართველმა შემტევმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ინტერთან“ თამაშის შემდეგ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში გამოემგზავრა და ეროვნულ გუნდს შეუერთდა.