როგორ მივიდნენ პლეი ოფამდე - სვანაძის გუნდი ისტორიის წერას განაგრძობს
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს ბოლო წლების განმავლობაში გაწეული შრომა დაუფასდა და 15 და 19 ნოემბერს ხორვატიის გუნდთან ევროპის 2025 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის მატჩების წინ, ფეხბურთის ფედერაციამ მას კონტრაქტი 2028 წლამდე გაუხანგრძლივა. ხორვატებთან წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები სპორტული შედეგების გათვალისწინებით, კონტინენტის პირველობაზე სადებიუტოდ იასპარეზებს. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ქართველი ფეხბურთელები წინა ევროპის ჩემპიონატზეც გამოდიოდნენ, თუმცა იქ როგორც მასპინძელი ქვეყანა საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის გარეშე მოხვდნენ.
თბილისში ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა ურთულესი მეტოქეების, პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის კონკურენციის პირობებში პირველი ადგილი დაიკავა და საბოლოოდ ტურნირს მეოთხედფინალიდან ისე გამოეთიშა, რომ ძირითად დროში არც ერთ მეტოქესთან არ წაუგია.
2023 წლის სექტემბერში სვანაძემ ობიექტური მიზეზების გამო, ახალი გუნდის შენება დაიწყო. ბევრი ფეხბურთელი ასაკის გამო ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ვეღარ ითამაშებდა, ზოგიერთები კი იმდენად ნიჭიერები იყვნენ, რომ ისინი ეროვნულ ნაკრებს სჭირდებოდნენ. ევრო 2025-ის შესარჩევი ეტაპი სვანაძის მომზადებულმა გუნდმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და გააკეთა ის, რაც ამ ასაკში აქამდე საქართველოს არც ერთ ნაკრებს არ გაუკეთებია. ქართველმა ფეხბურთელებმა იმ გუნდებთან, სადაც შეცდომის დაშვება უფლება არ ჰქონდათ, არ დაუშვეს და როგორც გიბრალტართან, ასევე მოლდოვასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორივე თამაში მოიგეს. ათ ტურში გუნდმა 6 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაამთავრა და 3 წააგო, ბურთების შეფარდება 14:10-ზეა.
ორი გოლი ოთხმა მოთამაშემ, ოთო მამაგეიშვილმა, ვასილიოს გორდეზიანმა, გიორგი კვერნაძემ და ნოდარ ლომინაძემ გაიტანა, თითო ბურთი კი ჯადული იობაშვილის, საბა მამაცაშვილის, ლაშა ოდიშარიას, გიზო მამაგეიშვილისა და გიორგი აბუაშვილის ანგარიშზეა. საგოლე პასების მხრივ ლიდერი ოდიშარია იყო, რომლის ანგარიშზეც 4 შედეგიანი გადაცემაა. 2 პასი საბა ხვადაგიანმა და გიორგი მაისურაძემ შეასრულეს, თითოჯერ კი თანაგუნდელებს ასისტენტად ზურაბ რუხაძე, დავით ზურაბიანი და გიორგი კვერნაძე მოევლინათ.
ქართველებისგან განსხვავებით, ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებს კონტინენტის ახალგაზრდულ პირველობაზე გამოსვლის გაცილებით მდიდარი გამოცდილება აქვს - ხორვატებს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ხუთჯერ უთამაშიათ და აქედან ბოლო სამ ტურნირს მათ გარეშე არ ჩაუვლია. წლევანდელი საკვალიფიკაციო ეტაპის გათამაშებაში ისინი G ჯგუფში გამოდიოდნენ, სადაც 22 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს და ლიდერ პორტუგალიას ხუთი ქულით ჩამორჩნენ. წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, ივიცა ოლიჩის მომზადებულმა ხორვატებმა მხოლოდ ორი მატჩი წააგეს და ორივე პორტუგალიელებთან. მათი საუკეთესო ბომბარდირი შესარჩევ ეტაპზე 6 გოლით ავსტრის „ლასკის“ ფორვარდი მარინ ლუბიჩიჩი გახდა.
ოლიჩის განკარგულებაში საერთო ჯამში საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელებია თავმოყრილი, რომელთა ჯამური სატრანსფერო ღირებულებაც 60 მილიონ ევროს შეადგენს. 8-8 მილიონად არიან შეფასებულები „ვესტერლოს“ მცველი ლუკა ვუშკოვიჩი და „ნორვიჩ სიტის“ ფორვარდი ანტე კრნაჩი.
პირველი მატჩი ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებმა 1992 წლის 14 ოქტომბერს უნგრელებთან ჩაატარა და მეტოქე 6-1 დაამარცხა. ყველაზე დიდი სხვაობით ამ გუნდის გამარჯვება 2020 წლის 8 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც სან მარინოს გუნდს 10-0 აჯობეს, ხოლო თავად უდიდესი სხვაობით 2012 წლის 10 სექტემბერს ესპანელებთან 0-6 აქვთ წაგებული. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ხორვატიის გუნდი 5-ჯერ არის გამოსული და საუკეთესო შედეგი 2021 წელს აჩვენა, როდესაც მეოთხედფინალამდე გავიდა.