იცი, რას ნიშნავს იყო იმედისმომცემი?
მე ვიცი.
ფეხბურთის ყველაზე დიდი იმედგაცრუება მე ვარ.
მე მომწონს ეს სიტყვა: ფლანგვა. არა მხოლოდ იმიტომ, თუ როგორ ჟღერს, არამედ იმიტომაც, რომ შეპყრობილი ვარ ჩემი ცხოვრების ფლანგვით - მე მომწონს ეს სტიგმა.
მე არ ვეტანები ნარკოტიკებს, როგორც ბევრი ამის დამტკიცებას ცდილობს.
მე არ ვარ კრიმინალი, თუმცა შემეძლო ვყოფილიყავი.
მე არ მიყვარს ღამის კლუბები.
მე დავდივარ ერთსა და იმავე ადგილას ჩემს რაიონში - ბებოს კიოსკში. თუ ჩემთან შეხვედრა გინდა, იქ უნდა მოხვიდე.
მე ვსვამ ყოველ მეორე დღეს, კი (და სხვა დღეებიც აგრეთვე).
როგორ ხდება ისე, რომ ჩემნაირი ადამიანი, იწყებს სმას თითქმის ყოველ დღე?
მე არ მიყვარს ახსნა-განმარტებები, თუმცა ერთს მაინც ვიტყვი: იმიტომ ვსვამ, რომ რთულია იყო დამსხვრეული იმედი. ასაკთან ერთად კი, ეს უფრო რთულია.
მე იმპერატორს მეძახიან.
წარმოიდგინე ბიჭი, რომელმაც დატოვა ფაველა, რათა მიეღო მეტსახელი „იმპერატორი“ ევროპაში. როგორ ახსნი ამას? მე ეს დღემდე არ მესმის. კარგი, შეიძლება მე რამეს მაინც ვაკეთებდი სწორად.
ბევრი ვერ ხვდება: რატომ ვთქვი უარი სტადიონების დიდებაზე და ამის ნაცვლად ვზივარ ჩემს სამეზობლოში და ვსვამ გონების დაკარგვამდე. იმიტომ, რომ მე ეს ერთხელ მომინდა და ეს ისეთი გადაწყვეტილებაა, რაზეც უკვე უარს ვერ იტყვი, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. მინდა, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე.
მე ვცხოვრობდი ბარა და ტიხუკაში, რიოს მდიდრულ რაიონი, მაგრამ ჩემი ფესვები ფაველაშია.
ვილა კრუზეირუ. კომპლექსო და პენია.
წამო, წავიდეთ იქ მოტოციკლით. ასე თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ.
გავაგებინებ საჭირო ხალხს, რომ მოვდივართ. დღეს შენ გაიგებ, რას აკეთებს სინამდვილეში ადრიანო, როდესაც ის თავის მეგობრებთან ერთად არის, თავის განსაკუთრებულ ადგილას. არავითარი ყალბი საგაზეთო ჰედლაინები, მხოლოდ სიმართლე.
წავედით, ბრო. უკვე თენდება, მალე საცობები იქნება. არ იცოდი, ხომ?
როგორც ვამბობდი, აი, ის - პირდაპირ კვარტლის შესასვლელთან, „ორდემ ე პროგესოს“ მოდანი. ჯანდაბა! აქ ფეხბურთი იმაზე მეტჯერ მითამაშია, ვიდრე „სან სიროზე“.
ვილა კრუზეიროში რომ შეხვიდე და გამოხვიდე, ეს მოედანი უნდა გაიარო. აქ მამაჩემი მართლა ბედნიერო იყო - ალმირ ლეიტე რიბეირუ. შეგიძლია მირინიო დაუძახო. აქ ყველა ასე იცნობდა. დიდი ადამიანი. გგონია, გატყუებ? ჰკითხე ნებისმიერს.
მისი ყველა შაბათი ერთნაირი იყო. ის ადრე იღვიძებდა, ამზადებდა ჩანთას და ეგრევე მოედანზე წასვლა უნდოდა. „გელოდები, მეგობარო, წავედით, დღეს რთული თამაში გველოდება“, - მეუბნებოდა ის.
ჩვენს სამოყვარულო გუნდს „ჰენგი“ ერქვა. რატომ ეს სახელწოდება? არ ვიცი, მეგობარო. მე როდესაც დავიწყე თამაში, უკვე ასე ერქვა. მე დიდი ხანი ვთამაშობდი ყვითელი და ლურჯი მაისურით. ზუსტად ისეთივე ფერებით, როგორც „პარმაში“. ევროპაში გადასვლის შემდეგაც კი მე არასდროს მიმიტოვებია Varzea-ს (ბრაზილიური ქუჩის ფეხბურთის სუბკულტურა) თამაში.
2002 წელს, როდესაც სეზონი დასრულდა და იტალიიდან ბრაზილიაში დავბრუნდი, აეროპორტიდან ტაქსით ჯერ პირდაპირ აქ მოვედი და მერე მშობლების სახლში.
ბარგს დავყრიდი თუ არ ყვირილით გავრბოდი და ვაბრახუნებდი ჩემი ახლო მეგობრის, კაშასას (ღმერთმა ნათელში ამყოფოს) და ჰერმესის კარებზე, ისიც ჩემი ბავშვობის მეგობარია. კიდევ ჩემი ერთი მეგობარი ჟორჟინიოც შემოგვიერთდებოდა და ჭკუიდან ვიშლებოდით. დანარჩენი სამყარო ჩვენთვის არსებობას მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იწყებდა - ჩვენ მთელ რაიონში დავდიოთ, ვთამაშობდით ფეხბურთს, გადავდიოდით ბარიდან ბარში.
ჩვენი გუნდის „ჰენგის“ ერთ-ერთი მთავარი მეტოქე „ჩაპა კვენტე“ იყო. ჩვენ მათთან სამოყვარულო ჩემპიონატის ფინალშიც კი ვითამაშეთ. მე მაგ დროს უკვე „პარმაში“ ვიყავი. მამაჩემი ტელეფონზე ყოველ დღე მელაპარაკებოდა. „უკვე ჩაგწერე ჩემპიონატზე, შვილო. შიშისგან ცახცახებენ. ერთი თვეა ვუმტკიცებ: „ჩემი დიდი, შავი ბიჭი მალე ჩამოვა“. ისინი კი მპასუხობენ - „ეს უსამართლობაა, მირინიო“. ფეხებზე მკდია, ითამაშებ!“.
რა თქმა უნდა, ვითამაშე. კოკა-კოლის პატარა პლასტმასის ქილით ხელში, მამაჩემმა „ჰენგის“ სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა: „კარში ანგრიზმარი, დაცვაში ლემონგრასი, რიჩარდი და კაშასა“.
ჯანდაბა! ლემონგრასი მწარე ტიპი იყო. ყველაფერზე წუწუნებდა. რიჩარდს ჩემნაირი ან ჩემზე უკეთესი დარტყმა ჰქონდა. ამ გუნდთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებდი.
სურათს აღგიწერთ: რიოში ცხელა, ხმამაღალი მუსიკა, სამბა, ცხელი შავგვრემანი, მწეველი ქალები აქეთ-იქით დადიან. ღმერთო, დაგვლოცე. არაფერია ამაზე მაგარი პლანეტაზე, ძმაო.
ფინალი ჩვენ მოვიგეთ. ფეიერვერკებმა მთელი ფაველა დაფარა. არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. სწორედ ამ მოედანზე ვისწავლე სმა. მამაჩემი გაგიჟდა. ვერ იტანდა, ვინმე რომ სვამდა, განსაკუთრებით ბავშვები.
მახსოვს, როგორ მნახა პირველად ჭიქით ხელში. 14 წლის ვიყავი და ჩვენს რაიონში ზეიმი იყო: „ორდემ ე პროგრესოს" მოედანზე, როგორც იქნა, განათება დააყენეს და ამის აღსანიშნავად თამაში და ბარბექიუ დააორგანიზეს.
უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მე მაშინ სპირტიან სასმელს ჯერ კიდევ არ ვსვამდი, მაგრამ როცა დავინახე, რას აკეთებდნენ დანარჩენი ბავშვები, მეც ავიღე პლასტმასის ჭიქა და ლუდის ავავსე, რომელსაც განსაკუთრებული გემო ჰქონდა. ჩემს წინაშე ახალი, „მხიარული“ სამყარო გაიხსნა. ამ ზეიმზე დედაჩემიც იყო, ყველაფერი დაინახა, თუმცა ჩუმად იყო, მაგრამ მამაჩემი... ღმერთო ჩემო!
ჭიქით ხელში დამინახა თუ არა, მოვიდა და იყვირა: „ახლავე გაჩერდი“. დედაჩემი და დეიდაჩემი მალე მიხვდნენ, რომ რაღაც ხდება და შეეცადნენ სიტუაცია მანამდე დაემშვიდებინათ, სანამ დაიძაბებოდა: „კარგი, რა, მირინიო, ის თავის პატარა მეგობრებთან ერთად არის, ცუდის გაკეთებას არ აპირებს. უბრალოდ იცინის, ერთობა, თავი დაანებე. ადრიანოც იზრდება“, - თქვა დედამ.
თუმცა ლაპარაკს შედეგი არ მოჰყოლია. მამაჩემი განრისხებული იყო. მან ჭიქა ხელიდან გამომგლიჯა და ორმოში ჩააგდო. „ეს არ მისწავლებია შენთვის, შვილო“, - მითხრა მან.
მირინიო ვილა კრუზეირუს ლიდერი იყო. ყველა პატივს სცემდა და მისგან მაგალითს იღებდა. ფეხბურთი მისთვის ყველაფერი იყო.
მირინიოს ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ბავშვებს ის არ ეკეთებინათ, რაც მათთვის არ შეიძლებოდა. ყოველთვის ცდილობდა, მათთვის ფეხბურთი შეეყვარებინა. კიდევ უფრო მეტად ვერ იტანდა სკოლაში პრობლემებს. მამამისი ალკოჰოლიკი იყო და ამისგან მოკვდა. ამიტომაც ყოველთვის, როდესაც მამაჩემი ხედავდა, რომ ბავშვები ალკოჰოლს სვამდნენ, ჭიქებსა და ბოთლებს ძირს ყრიდა. შემდეგ მონადირემ ტაქტიკა შეცვალა: როდესაც ყურადღებას მოვადუნებდით, პროთეზს იხსნიდა და ჭიქაში გვიგდებდა. ნამდვილი ლეგენდა იყო. როგორ მენატრება...
ყველა გაკვეთილი, რომელსაც მამისგან ვიღებდი, ქცევებში გამოიხატებოდა. ჩვენ არ გვქონდა ღრმა საუბრები. ჩემი მოხუცი არ იყო ის, ვინც ფილოსოფოსობს და მორალს კითხულობს. ყოველდღიური წესიერება და პატივისცემა, რომელსაც სხვები მის მიმართ გამოხატავდნენ, ყველაზე მეტად შთამაგონებდა.
მამაჩემის სიკვდილმა ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. იმ დღის შემდეგ ეს არის პრობლემა, რომლის გადაჭრაც აქამდე არ შემიძლია. ყველა უბედურება აქ დაიწყო, რაიონში, რომელიც ჩემთვის ასეთი ძვირფასია.
ვილა კრუზეირუ მსოფლიოში საუკეთესო ადგილი არ არის, სულ პირიქით.
ეს ნამდვილად საშიში რაიონია. აქ ცხოვრება რთულია. ხალხი იტანჯება. ბევრმა მეგობარმა სხვა გზა აირჩია. ირგვლივ მიმოიხედე და დამეთანხმები.
ახლა რომ ყველა ადამიანი გავიხსენო, რომლებიც თავიანთი სიკვდილით არ გარდაცვლილან, ბევრი დღე მოგვიწევს აქ ყოფნა.
ჯანდაბა! კრუზეირუში, ერთ-ერთ წვეულებაზე, მამაჩემს თავში ესროლეს. ბრმა ტყვია მოხვდა. იმ კონფლიქტში საერთოდ არ მონაწილეობდა. ტყვია შუბლში მოხვდა და კეფასთან გაიჭედა. ექიმებმა ვერ ამოუღეს. მას შემდეგ, ჩემი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. მამაჩემს ეპილეფსიის ხშირი შეტევები დაეწყო. გინახავთ ადამიანი, რომელსაც ეპილეფსიის შეტევა აქვს? ეს არ უნდა ნახო. ძალიან საშიშია.
10 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემს ესროლეს და ამ შეტევებთან ერთად გავიზარდე. მირინიოს ამის შემდეგ არასდროს უმუშავია. ოჯახზე ზრუნვა მთლიანად დედაჩემის დააწვა მხრებზე.
და რა გააკეთა მან? ის ამას გაუმკლავდა. დედაჩემს შეეძლო მეზობლების იმედი ჰქონოდა. ჩვენი ოჯახიც გვერდით ცხოვრობდა და გვეხმარებოდა. აქ ყველა ღარიბულად ცხოვრობს. აქ არავის აქვს სხვაზე მეტი. დედაჩემი მარტო არ დარჩენილა, ყოველთვის იყო ვიღაც, ვინც მას დახმარების ხელს გაუწვდიდა.
ერთხელ, მეზობელმა კვერცხების დიდი ყუთი მოიტანა და თქვა: „როსილდა, გაყიდე და ზედმეტი რაც დაგრჩება, შენთვის დაიტოვე, ადრიანოსთვის საჭმლის ყიდვას შეძლებ". დედაჩემს ფული არ ჰქონდა, მან კი უთხრა: „არ იდარდო, გაყიდე და მერე გადამიხადე“. გეფიცებით, ზუსტად ასე იყო.
მეორე მეზობელმა გაზის ბალონი მოუტანა. „როსილდა, გაყიდე. თანხის ნახევარი მომეცი, მეორე ნაწილი შენთვის დაიტოვე“. დედაჩემი ყოველდღე ძალიან ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ ცოტა ფული მოეგროვებინა. მამაჩემი სახლში იყო და დედაჩემი ორი ადამიანის საქმეს აკეთებდა, ვარჯიშზე კი ბებიას დავყავდი.
ჩემმა ერთმა დეიდამ სამსახური დაიწყო, რის წყალობითაც ის საჭმელზე ვაუჩერს იღებდა. მან ისინი დედაჩემს მისცა: „როსილდა, ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია, რომ ადრიანოს ორცხობილა უყიდო“.
ამ ხალხის გარეშე მე არავინ ვიქნებოდი.
ჯანდაბა! ამ საუბრისგან დალევა მომინდა. მოდი გავჩერდეთ ჩემი მეგობარი ჰერმესის ქოხთან.
აი, აქ ბებიაჩემი ცხოვრობდა - დონა ვანდა. ბავშვობაში მის სახლში ყოველ დღე მივდიოდი. მე მშობლებთან ერთად მე-9 ქუჩაზე ვცხოვრობდი, მთის წვერზე. გინდა იქ ავიდეთ და ვინახულოთ? რთულია. იქ ბევრი რამ ხდება, ჯობია აქ დავრჩეთ. ფაველას თავისი წესები აქვს, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ.
როდესაც პატარა ვიყავი, დედაჩემი სამუშაოდ მიდიოდა და ბებოსთან მტოვებდა. მას სკოლაში მივყავდი, შემდეგ კი „ფლამენგოში".
ჰერმეს, მეგობარო! დომინო მოამზადე. ფრთხილად იყავი, ქვებს მაგრად იპარავს. თვალი არ მოაცილო. ჟორჟინიო, აქ დაჯექი და დომინო გვათამაშე, შეგიძლია დაიწყო.
ადრე ორმოში ვბანაობდით. ფაველაში საცურაო აუზები ასეთია, მეგობარო. არ იცოდი, არა? თუ რიოს სამხრეთში, სადაც ყველაზე მდიდარი ადამიანები ცხოვრობენ, აუტანლად ცხელა, წარმოიდგინე რაიონები ჩრდილოეთში. ბავშვები ხელში სათლს იღებენ და როგორც შეუძლიათ, ისე გრილდებიან. მეც ასე გაგრილება დღემდე ყველაფერს მირჩევნია. აუზზე ან ზღვაზე მხოლოდ იმისთვის დავდივარ, რომ თავი მდიდრული უბნის ნაწილად ვიგრძნო თავი. თუმცა რეალურად, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც შხაპს სახლის სახურავზე ვიღებ, ან ერთ სათლიდან წყალს თავზე გადავივლებ.
ხედავ ამ ხალხის მოძრაობას? და ხმა? ფაველა სხვა სამყაროა. ჩვენ კარს ვაღებთ და ეგრევე მეზობელს ვხედავთ. ფეხს გარეთ გაადგამ და მაღაზიის მეპატრონეს ხვდები, იქვე დეიდა ჩანთით ხელში დგას და ფუნთუშებს ჰყიდის, დალაქის ბიძაშვილი კი ფეხბურთის სათამაშოდ გეძახის. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს.
ევროპაში გადასვლისას, ყველაზე მეტად რაც მაკვირვებდა, ეს ქუჩებში სიჩუმე იყო. ხალხი ერთმანეთს არ ესალმება, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. პირველი შობა, რომელიც მილანში გავატარე, ჩემთვის ძალიან რთული იყო.
წლის ბოლო ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანი ერთად ვიკრიბებით, ყოველთვის ასე იყო. მე-9 ქუჩა ყოველთვის სავსე იყო, რადგან აქ რაიონის ლიდერი მირინიო იყო. ახალი წლის დადგომამდე მთელი ფაველა ჩემი სახლის წინ იკრიბებოდა.
როდესაც „ინტერში" გადავედი, პირველი ზამთარში ძალიან გამიჭირდა. შობა დადგა და მე ბინაში მარტო დავრჩი. გარეთ ყინავდა. ზამთარში ჩრდილოეთ იტალიაში, დეპრესია ისადგურებს. ყველას მუქი ფერის ტანსაცმელი აცვია, ქუჩები ცარიელია, დღე მოკლდება, საშინელი ამინდი. არაფრის ხალისი მქონდა, ბრო. თანაც ამას მონატრება ემატებოდა და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.
ამავდროულად, ზეედორფი შესანიშნავი მეგობარი აღმოჩნდა. მან შობის წინ, მეუღლესთან ერთად, უახლოესი ადამიანებისთვის ვახშამი მოამზადა და სახლში დამპატიჟეს. წარმოიდგინე, საზეიმო მიღება მასთან. ყველაფერი ლამაზი და გემრიელი იყო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, რიო დე ჟანეიროში ყოფნა მერჩივნა.
მათთან დიდი დროის გატარებაც ვერ შევძელი. ბოდიში მოვუხადე, სწრაფად დავემშვიდობე და ბინაში დავბრუნდი. სახლში დავრეკე. „გამარჯობა დედა, შობას გილოცავ", - ვთქვი მე. „შვილო, მენატრები. შობას გილოცავ. ყველა აქ არის, მხოლოდ შენ გვაკლიხარ", - მიპასუხა მან.
უკნიდან სიცილი ისმოდა. დასარტყამი ინსტრუმენტის ხმამაღალი ხმა, რომელზეც ჩემი დეიდები უკრავდნენ და იხსენებდენ დროს, როცა პატარა გოგოები იყვნენ. სცენა თვალწინ დამიდგა და ტირილი ამიტყდა.
„კარგად ხარ შვილო"? - მკითხა დედამ. „კი, კი, ახლა დავბრუნდი მეგობრის სახლიდან", - ვუპასუხე. „ანუ, უკვე ივახშმე? ბებო ჯერ კიდევ მაგიდას აწყობს დღეს, ნამცხვრებიც კი გვექნება", - თქვა მან. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ბებოს გაკეთებული ნამცხვრები მსოფლიოში საუკეთესოა. ხმამაღლა ტირილი მინდოდა.
ცრემლები მომდიოდა, „კარგი დედა, გაერთეთ, ყველაფერი კარგად არის“. სულიერად გავტყდი. არყის ბოთლს ხელი ვტაცე და არ ვამეტებ, მთელი ბოთლი მარტომ დავცალე. მთელი ღამე ვტიროდი, შემდეგ დივანზე გავითიშე, რადგან ბევრი დავლიე და ვიტირე.
რა უნდა მექნა? მილანში ტყუილად არ ვიყავი. ეს იყო ის, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, ევროპაში ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ღვთის წყალობით, ჩემი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჩემმა ოჯახმაც ბევრი გააკეთა. ფასი, რომლის გადახდაც მომიწია, არც ისე დიდი იყო. ამას კარგად ვხვდებოდი, მაგრამ სევდას მაინც ვერ ვერეოდი.
ჩემი მეგობრის, ტოტას სახურავზე ავძვრეთ? იქ ჩემი თავშესაფარია. მოტოციკლს გამოვიყვან, სასმელი ავიტანოთ და გადავიხედოთ. წამოდი, ბრო!
Tutufi უნდა ჩავრთო. ვერ ხვდები, ხომ? როდესაც ტელეფონს დინამიკს უკავშირებ. რას ეძახით? Blootooth? ჯანდაბა, არ ვიცი, ეს ინგლისურად როგორ ვთქვა, მე მხოლოდ მეშვიდე კლასამდე ვსწავლობდი! ფაველაში მუსიკა მაღალ ხმაზე უნდა ჩართო, ძმობილო. აქ მუსიკას მხოლოდ ასე ვუსმენთ.
აი, გროტა, შატუბა, კრუზეირო. რეალურად, ერთი და იგივეა, მაგრამ ყველა განსხვავებული რაიონია. აი, ზემოთ პენიას ეკლესიაა, რომელიც ყველას გვიცავს. კი, მე ყოველთვის მედალიონი მიკეთია, რომელზეც ეკლესიაა გამოსახული.
როდესაც „ინტერიდან„ „გამოვიქეცი“ და იტალიიდან წამოვედი, აქ მოვედი, რომ დავმალულიყავი. 3 დღე დავბოდიალობდი კომპლექსში. ვერავინ მიპოვა.
ფაველას N1 წესი - ხმა არ ამოიღო. გგონია, ვინმე გამცემდა? აქ ვირთხები არ არიან, ძმაო. იტალიური პრესა ჭკუიდან შეიშალა. რიოს პოლიციამ „ჩემს გადასარჩენად" საგანგებო ოპერაციაც კი ჩაატარა. თქვეს, რომ მომიტაცეს. უბრალოდ წარმოიდგინე, რომ ვინმე ცდილობს რამე დამიშავოს მე - ფაველას შვილს.
კარგია თუ ცუდი, მე თავისუფლება მჭირდებოდა. აღარ შემეძლო იმის ატანა, რომ სახლიდან გასვლისთანავე, კამერებით უკან დამყვებოდნენ.
ჩემს რაიონში მსგავსი რამ არ ხდება. როცა აქ ვარ, გარეშე პირმა არ იცის, სად ვარ და რას ვაკეთებ. მათ ვერ გაიგეს, რატომ წავედი ფაველაში. ეს დალევის, ქალებისა და მითუმეტეს, ნარკოტიკების გამო არ გამიკეთებია. ეს იყო თავისუფლებისთვის გავაკეთე. სიმშვიდე მინდოდა, მინდოდა მეცხოვრა. ისევ ადამიანი ვყოფილიყავი. ეს არის სიმართლე, მაგის დედაც...
ვეცადე, მექნა ის, რაც მათ ჩემგან სურდათ. გავურიგდი რობერტო მანჩინის, ძალიან ვეცადე ჟოზე მოურინიოსთან. მორატის მხარზე ვიტირე. მაგრამ არ შემეძლო იმისი გაკეთება, რასაც ითხოვდნენ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, თავს კარგად ვგრძნობდი, სასმელს არ ვეკარებოდი, ცხენივით ვვარჯიშობდი, თუმცა რეციდივი ყოველთვის იყო. ისევ და ისევ. ყველა მეჩხუბებოდა. ამის ატანა აღარ შემეძლო.
ხალხი ათას სისაძაგლეს ამბობდა, რადგან მათ ამის გაგება არ შეეძლოთ. „ოჰო, ადრიანომ 7 მილიონი ევროს გამომუშავება შეწყვიტა. ყველაფერი ამის გამო გააკეთა?“, - ეს იყო ის, რაც ყველაზე ხშირად მესმოდა, მაგრამ მათ არ იციან, რის გამო გავაკეთე ეს. იმიტომ გავაკეთე, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი. მჭირდებოდა ჩემი სივრცე, რომ მეკეთებინა ის, რაც მინდოდა.
ახლა შენ ყველაფერს ხედავ. რა არის იმაში ცუდი, თუ როგორ ვერთობით? ბოდიში, თუ იმედს გიცრუებ, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვილა კრუზეურუში ვეძებ, სიმშვიდეა. აქ ფეხშიშველი დავდივარ, მაისურის გარეშე, მხოლოდ შორტები მაცვია. ვთამაშობ დომინოს, ჩამოვჯდები ქვაფენილზე, ვიხსენებ ბავშვობის ისტორიებს, ვუსმენ მუსიკას, ვცეკვავ მეგობრებთან ერთად და მძინავს მიწაზე.
აქ ყველა ქუჩაზე მამაჩემს ვხედავ.
კიდევ რა ვინატრო?
აქ ქალებიც კი არ მომყავს და მით უმეტეს, ჩემი რაიონის გოგონებთანაც არ დავდივარ. უბრალოდ მინდა სიმშვიდეში ვიყო და ჩემი არსებობა მახსოვდეს.
აი, ამიტომაც ვბრუნდები აქ.
აქ მართლა პატივს მცემენ.
აქ არის ჩემი ისტორია.
იქ მივხვდი, რა არის ძმობა.
ვილა კრუზეირუ არ არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოო, მაგრამ ვილა კრუზეირუ ჩემი ადგილია.
ადრიანოს წერილი The Players’ Tribune-მა გამოაქვეყნა.