ჯონ ჯონსი
Aa Aa

სმენადაქვეითებული მეტოქე და ცუდი მსაჯი | ჯონ ჯონსის ერთადერთი მარცხი

ვინ არის MMA-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი ოქტაგონის მსაჯი? UFC-ის პრეზიდენტთან, დენა უაითთან რომ მიხვიდეთ და ეს შეკითხვა დაუსვათ, პასუხს მალევე მიიღებთ. რთულია იპოვო მსაჯი, რომელიც უაითს სტივ მაზაგატიზე მეტად არ მოსწონს. კარიერის განმავლობაში, მაზაგატის უამრავი შეცდომა დაუშვია. ენტონი ჯონსონისა და კევინ ბერნსის ჩხუბისას, მაზაგატიმ ვერ დაინახა, რომ ბერნსმა ჯონსონს თვალში თითი რამდენჯერმე მოარტყა და ვერც იმას მიხვდა, რომ „რამბლმა“ თვალის ტრავმა ამის გამო მიიღო. ვერ მიხვდა კი არა, ბერნსი საერთოდ გამარჯვებულად გამოაცხადა.

ჯოშ ბერკმენისა და ჯონ ფითჩის ორთაბრძოლაში, ბერკმენმა მეტოქე დააძინა, მაგრამ ერთ მეტრში მდგომმა მაზაგატიმ ეს ვერ დაინახა და ბრძოლა მანამ არ გააჩერა, სანამ ბერკმენმა ფითჩს ხელი თავად არ გაუშვა. უაითს მაზაგატი ბევრჯერ გაუკრიტიკებია და ერთხელ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ყველაფერი გააკეთა, რათა მის მიერ დაფიქსირებული შედეგი გაეუქმებინა.

ალბათ, არ გაგიჭირდებათ მიხვედრა, რომ უაითი ჯონ ჯონსის ჩხუბის შედეგის შეცვლას ცდილობდა. ჯონ ჯონსის, რომელსაც ოქტაგონზე მალე ვიხილავთ და ის სტიპე მიოჩიჩს დაუპირისპირდება. ჯონსი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად ითვლება. მას უნაკლო რეკორდი ექნებოდა, რომ არა 2009 წელს, მეტ ჰემილის წინააღმდეგ გამართული ორთაბრძოლა. და ხომ მიხვდით, იმ ჩხუბის მსაჯი ვინ იყო? რა თქმა უნდა, სტივ მაზაგატი.

ჯონსმა UFC-ში 22 წლის ასაკში შეაბიჯა და ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, ჰემილთან ჩაუნიშნეს ჩხუბი. ჰემილი მასზე 10 წლით უფროსი იყო და ჭიდაობაში დიდი გამოცდილება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სმენის სერიოზული პრობლემებით დაიბადა და სმენის უნარი ბოლომდე ჰქონდა დაქვეითებული, ჰემილმა შეუძლებელი შეძლო, სტუდენტური ჩემპიონატი სამჯერ მოიგო და UFC-შიც შეაღწია.

„ერთი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები მიხვდნენ, რომ სმენა სრულად მქონდა დაქვეითებული. დამიძახეს და როცა არ ვუპასუხე, ექიმთან წამიყვანეს, შემდეგ კი ყველაფერი გაირკვა. დიახ, გულშემატკივართა ყვირილი არ მესმის, მაგრამ მათ ემოციებს ვგრძნობ. მსოფლიოში არსებული ყველა ხმის გაგონება არ მიწერია, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ“, - აცხადებს ჰემილმა.

ჰემილმა MMA-ის მებრძოლის კარიერა 2004 წელს დაიწყო, წელიწად-ნახევრის შემდეგ კი რეალითი შოუს, The Ultimate Fighter-ის მონაწილე გახდა, რომლის ფარგლებშიც, ერთ ბრძოლაში გაიმარჯვა, მაგრამ ტრავმა მიიღო და პროექტს გამოეთიშა. დენა უაითს მისი ჩხუბი მოეწონა და UFC-ში წაიყვანა. ჯონსამდე, მის ანგარიშზე 8 მოგება და 2 წაგება იყო და მაიკლ ბისპინგისა და რიჩ ფრენკლინის მსგავს მოწინააღმდეგეებთან ჰქონდა ნაჩხუბარი.

„ბოუნსი“ ფავორიტი იყო და საკუთარი სტატუსი პირველივე წამებში გაამართლა. იგი უდიდეს უპირატესობას ფლობდა და აშკარა იყო, რომ მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა. საწყისი წუთების განმავლობაში, ბრძოლა დგომში წარიმართა და ჯონსი დისტანციაზე ფენომენალურად ჩხუბობდა, კლინჩის შემდეგ კი ბრძოლა პარტერში გადავიდა, სადაც „ბოუნსმა“ ჰემილს უდიდესი ზიანი მიაყენა და ცხვირი გაუტეხა.

პირველი რაუნდის დასრულებამდე 46 წამით ადრე, მაზაგატიმ ჩხუბი გააჩერა, რადგან ჯონსმა იდაყვით 12-6 (როცა იდაყვით ვერტიკალურად, სწორი კუთხით ურტყამ) დარტყმა განახორციელა. თავდაპირველად, მაზაგატიმ ჯონსს ქულა ჩამოართვა და ბრძოლის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ შემდეგ გააკეთა ის, რის გამოც, უდიდესი კრიტიკა დაატყდა. იგი ჰემილთან მივიდა და ჰკითხა, ჩხუბის გაგრძელება შეეძლო თუ არა. როცა სმენის არმქონე მებრძოლისგან პასუხი ვერ მიიღო, ორთაბრძოლა დასრულებულად გამოაცხადა და ჯონსს დისკვალიფიკაცია და წაგება ჩაეწერა. აი, ასე მიეწერა ჯონსს კარიერაში ერთადერთი წაგება...

„ტექნიკურ შეცდომას თუ არ გავითვალისწინებთ, რომელიც ჯონსმა დაუშვა, ის უბრალოდ თავის სამუშაოს ასრულებდა და ამას კარგად აკეთებდა. ჯონს ეს ჩხუბი არ წაუგია და არც მე მომიგია, მაგრამ UFC-ში კონკრეტული წესები ტყუილად არ არსებობს“, - განაცხადა ჰემილმა ბრძოლის შემდეგ.

როცა „ბოუნსი UFC-ის ვარსკვლავი გახდა და Pound for Pound რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, დენა უაითმა გადაწყვიტა, მისი წაგებების გრაფაში ნული დაებრუნებინა. რატომ? დაუმარცხებელი მებრძოლი უფრო გაყიდვადია და თან არ მოგიწევს გულშემატკივრებს, რომლებსაც MMA-ს ყურება ახალი დაწყებული აქვთ, აუხსნათ, რომ ჯონსის მარცხი შემთხვევითობა იყო.

2019 წელს, დენამ ნევადას შტატის სპორტულ კომისიას მიმართა და ჯონსის წაგების გაუქმება და ორთაბრძოლა No Contest-ად გამოცხადება მოითხოვა. უაითის პოზიცია ჯო როგანმაც გაიზიარა და განაცხადა: „დენას ბოლომდე ვეთანხმები. 12-6 იდაყვის წესი ერთ-ერთი ყველაზე სულელური და იდიოტური წესია. 90 გრადუსით თუ ურტყამ არ შეიძლება, მაგრამ 89 გრადუსი პრობლემა არაა. ჯონსი დომინირებდა და იმსახურებს, რომ ბრძოლა No Contest-ად გამოცხადდეს“.

განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა ჩეილ სონენმა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მსაჯმა მიიღო და ვერაფერი შეიცვლება. საბოლოოდ, დენასაც არაფერი გამოუვიდა და ჯონსს წაგების გრაფაში ერთიანი დარჩა, რასაც UFC-ის პრეზიდენტი დღემდე ნანობს. მომხდარზე ჰემილმაც ილაპარაკა და ჯონსს რევანში შესთავაზა, მაგრამ მისგან უარი მიიღო.

დენა „ბოუნსის“ მარცხში დღემდე მაზაგატის ადანაშაულებს, რომელიც UFC-ში აღარ მსაჯობს. გასაგები მიზეზების გამო, მაზაგატის აღარ ენდობიან, მაგრამ ალექს პერეირასთან წაგების შემდეგ, ისრაელ ადესანიას მსაჯის გადაწყვეტილება ისე არ მოეწონა, მაზაგატი მოენატრა...

გაზიარება: