ვილი სანიოლი, ნიკოლოზ კვეკვესკირი
Aa
Aa

„უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ“ - სანიოლის და კვეკვესკირის პრესკონფერენცია

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურში უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

მატჩამდე 1 დღით ადრე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ვილი სანიოლი:

სათამაშო გეგმა? ბევრი შეტევა იქნება, ყოველთვის ეს გვსურს, მაგრამ მუდმივად ამის შესაძლებლობა არ იქნება. გვინდა, რომ ოქტომბერთან შედარებით უფრო აგრესიულები ვიყოთ. უკრაინა ძლიერი გუნდია და წინა შეხვედრაში სწორედ ეს დაგვაკლდა.

დანაკლისი დაცვაში? სამწუხაროა, რომ საბა გამოგვაკლდა და დვალიც ტრავმირებულია, ამიტომ ცვლილებები იქნება. თუ ვინ ითამაშებს, ამას ხვალ გავიგებთ.

კონტაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივება და გეგმა? ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. წინ ახალი პროექტი გველის. ჩვენი გუნდი ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზია, მაგრამ სამომავლოდ ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს უნდა მივცეთ შანსი, მაგრამ იმის გამო, რომ ამხანაგური მატჩები შემცირებულია, ეს გეგმას ართულებს.

მხოლოდ ის ვიცი, რომ ორი თამაშის მოგებაში პირველზე გავალთ. არ ვამბობ, რომ ეს არის მთავარი მიზანი, მთავარი მიზანი არის ჩემი გუნდის კარგი თამაში და პერფორმანსი.

ნიკა კვეკვესკირი:

მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ შეკრებაზე არ ვიყავი, ვხედავდი, რომ ეს ნაკრები იზრდება და თავდაჯერებაც გუნდში მატულობს. როდესაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობ, თავდაჯერებაც იმატებს, მაგრამ წინა შეკრება შეიძლება ფეხის დაცდენას მივაწეროთ. ვფიქრობ, ამ ორ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები თავის სიტყვას იტყვის.

ევროპის ჩემპინატზე მიღებული გამოცდილება სითავხედეში არ უნდა გადაგვივიდეს. მცირედი ფეხის დაცდენა იყო წინა თამაშები, რომელზეც რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ახლანდელი ნაკრების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ არავის გვეშინია.

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 16 ნოემბერს, ბათუმი არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები