კვარა და გოგლიჩიძე Daily Mail-ის ტოპ 20-ში | სერია A-ს ვუნდერკინდები
„სერია A-ს ტოპ 20 ვუნდერკინდი, რომლებიც თქვენმა კლუბმა უნდა გაიფორმოს: პრემიერ ლიგის რომელი კლუბია იდეალური ვარიანტი მომავალი ვარსკვლავებისთვის, რომლებზეც სკაუტები საუბარს არ წყვეტენ“, - ეს არის Daily Mail-ის სტატიის სათაური და ავტორიტეტული გამოცემა საინტერესო რეიტინგს გვთავაზობს.
Daily Mail-მა სერია A-ში მოთამაშე 20 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი შეარჩია (23 წლის ან უფრო პატარა ასაკის) და დაასახელა ინგლისური კლუბები, რომლებსაც ისინი იდეალურად მოერგებიან. რეიტინგში ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა: ხვიჩა კვარაცხელია, საბა გოგლიჩიძე.
„ვაღიარებთ! ხვიჩა კვარაცხელია უცნობი ფეხბურთელი ნამდვილად არაა, მაგრამ ქართველი გარემარბი ჯერ კიდევ 23 წლისაა და სერია A-ს ტალანტების რეიტინგი მის გარეშე სრულყოფილი უბრალოდ ვერ იქნებოდა. ბრაიტონი კვარადონას, რომელიც ნეაპოლში გადასვლის შემდეგ საყოველთაოდ ცნობილი ფეხბურთელი გახდა, სხვა ევროპულ კლუბებზე ადრე აკვირდებოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივა აღმოჩნდა ის, რამაც მას სერია A-ში წასვლა გადააწყვეტინა.
კვარაცხელია მაღალი, სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეჭრის უნარის წყალობით, მას გოლების გატანა და სახიფათო მომენტების შექმნა შეუძლია. ის ერთ-ერთი ლიდერი იყო ნაპოლისა, რომელმაც 1990 წლის შემდეგ, პირველი სკუდეტო მოიგო. როგორც ვიქტორ ოსიმენმა თავად აღმოაჩინა, ურთულესია ნაპოლი ტოპ ფეხბურთელის გაყიდვაზე დაიყოლიო, მაგრამ კვარაცხელია საკმარისად მაღალი დონისაა, რათა ელიტარულმა კლუბმა, იმ ეპოქაშიც კი, როცა ფინანსები მკაცრად კონტროლდება, მის ტრანსფერში დიდი თანხა გადაიხადოს“, - წერს ბრიტანული გამოცემა და კვარაცხელიას გადაყვანას „ლივერპულს“, „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ურჩევს.
„ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების შემდეგ, ევროპული და განსაკუთრებით, იტალიური კლუბები, იძულებული გახდნენ, ქართული ფეხბურთისთვის მეტი ყურადღება მიექციათ და საბა გოგლიჩიძე ერთ-ერთი ტალანტია, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს. რაღაც კუთხით, საბა ძველი ყაიდის მცველს წააგავს. ის ვარდნების მხრივ, სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესოა და მეტოქე ძალიან იშვიათად სცდება. იმის გათვალისწინებით, რომ ემპოლი უკან დაწეული სტილის მქონე გუნდია და მოწინააღმდეგეს პრესინგის თამაშის საშუალებას აძლევს, ეს შთამბეჭდავი მიღწევაა.
გოგლიჩიძემ, ვისი საფეხბურთო კერპიც პაოლო მალდინია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა სექტემბერში ჩაატარა. საბა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ფეხბურთელია. არის მომენტები, როცა ბურთის ფლობისას პრობლემები აქვს და პასების მხრივ, უნდა მოუმატოს. თუმცა, პოტენციალი ეტყობა და შესაძლოა, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი კლუბისთვის იდეალური შენაძენი იყოს“, - ნათქვამია სტატიაში და საბას შეძენას „იფსვიჩს“, „ვულვზსა“ და „ვესტ ჰემს“ ურჩევენ.
გეტყვით იმასაც, რომ ქართველი ფეხბურთელების გარდა, Daily Mail-მა სამუელე რიჩი, მორტენ ფრენდრუპი, მატია ვიტი, ანგე-იოან ბონი, ფრაჩესკო კამარდა, პიეტრო კომუცო, ადრიან ბერნაბე, მანდელა კეიტა, მიკაელ კაიოდე, ნიკოლო როველა, კენან ილდიზი, ვასილიე აჯიჩი, რედა ბელაიანე, ჯორჯო სკალვინი, ნიკოლო პისილი, ნიკო პასი, პატრიკ დორგუ და მატიას სულე გამოარჩია.