„ველოდებით, რომ ისევ დაცვიდან ითამაშებენ“ | კიტესა და ზურიკოს კომენტარები
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში, საგურამოში დასკვნითი ვარჯიში გამართა. ვარჯიშამდე, ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, ოთარ კიტეიშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრეს.
ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „რამდენიმე დღეა რაც ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. ბოლო ორი დღეა შედარებით ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ მოახლოებულ შეხვედრებს. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის თამაშები გველის.
ჯგუფის გადამწყვეტი ფაზაა და აუცილებელია მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენება დადებითი შედეგის მისაღწევად. განსხვავებული მატჩები ჩავატარეთ. ოქტომბერში, უფრო მეტად დაცვიდან გვეთამაშებოდნენ მეტოქეები და ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ. მსგავსი მოლოდინი გვაქვს მოახლოებულ შეხვედრებშიც, თუმცა უკრაინაც მოსაგებად იბრძოლებს, ჩვენ კი, ჩვენს თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ".
ზურიკო დავითაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა. ვემზადებით, ვვარჯიშობთ და იმედია, რომ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვაქვს, მოედანზე გადავიტანთ და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ თამაშს. დიდი ხანია ბათუმში არ მითამაშია. ძალიან კარგი სტადიონია, სადაც ყოველთვის შესანიშნავი გარემოა. ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენ გვერდით იქნება მთელი თამაშის განმავლობაში და ერთად დავამარცხებთ მეტოქეს".
ცნობისთვის, უკრაინის ნაკრები 4 ქულით ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ადგილზეა. ჯგუფს ჩეხეთი 7 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს საქართველოს და ალბანეთის ეროვნული გუნდები იყოფენ.
წყარო: nakrebi.ge