უკრაინასთან დააკვირდებიან | ოთარ კიტეიშვილი თურქული კლუბის რადარზე
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი „ტრაბზონსპორის“ რადარზე კიდევ ერთხელ მოექცა. Trabzon Haber-ის ინფორმაციით, თურქული კლუბის მთავარი მწვრთნელი, შენოლ გიუნეში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და „კიტეს“ ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.
Trabzon Haber-ი აცხადებს, რომ გიუნეში ბათუმში გასამართ შეხვედრას დაესწრება, რომელშიც საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება და იგი კიტეიშვილს დააკვირდება. ოთარის გარდა, მისი ყურადღების ცენტრში უკრაინელი მიკოლა შაპარენკო იქნება.
ცნობისთვის, კიტეიშვილი „შტურმის“ ღირსებას იცავს და ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის პუნქტია ჩადებული და „ტრაბზონსპორს“ მისი ამოქმედება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, გრაცელები ავსტრიის ჩემპიონები გახდნენ და ქვეყნის თასიც დაისაკუთრეს. კიტეიშვილი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მისით „ჰოფენჰაიმიცაა“ დაინტერესებული და შესაძლოა, ზამთარში, ოთარის მომავალი უცხოური პრესის მთავარი სასაუბრო თემა იყოს.