მესამე მთავარი მწვრთნელი ამ სეზონში | კლაუდიო რანიერიმ რომა ჩაიბარა
კლაუდიო რანიერი იტალიის სერია A-ში დაბრუნდა. 73 წლის სპეციალისტი „რომას“ შეუთანხმდა და „ჯალოროსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. დედაქალაქურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და რანიერის დანიშვნა დაადასტურა.
იტალიელი მთავარი მწვრთნელი გუნდს სეზონის ბოლომდე უთავკაცებს. გათამაშების დასრულების შემდეგ, რანიერი „რომას“ კონსულტანტი გახდება სპორტულ საკითხებში. გარდა ამისა, მის მოსაზრებას გაითვალისწინებენ, როცა კლუბი მომდევნო მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესს დაიწყებს.
ცნობისთვის, რანიერი „რომას“ ორჯერ ხელმძღვანელობდა. პირველად, კლაუდიომ „ჯალოროსი“ 2009 წელს ჩაიბარა და გუნდში 2011 წლამდე დარჩა, მეორედ კი დედაქალაქელებს 2019 წელს წვრთნიდა.
გეტყვით იმასაც, რომ „რომამ“ სერია A-ს მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და ორი თავკაცი გაათავისუფლა. 12 ტურის შემდეგ, „ჯალოროსის“ მხოლოდ 13 ქულა აქვს და წარუმატებელი სტარტის გამო, კლუბმა ივან იურიჩი გაუშვა. იურიჩამდე „რომას“ დანიელე დე როსი წვრთნიდა.