„სასიამოვნო აღმოჩენა“ | Pianetaempoli-ის სტატია საბა გოგლიჩიძეზე
იტალიურმა გამოცემამ, Pianetaempoli-მ ქართველ ფეხბურთელს, საბა გოგლიჩიძეს სტატია მიუძღვნა. „საბა გოგლიჩიძე - სასიამოვნო აღმოჩენა“, - ასეთია მისი სათაური და აი, რას წერენ ახალგაზრდა მცველზე:
„დ'ავერსას ემპოლი შესანიშნავ სეზონს ატარებს. 12 ტურის შემდეგ, აძურის 15 ქულა აქვს და თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი მიზანი სერია A-ში დარჩენაა, ეს კარგი შედეგია. სხვა პოზიტიურ ნიშნებთან ერთად, დაცვა არის კომპონენტი, რომელშიც ემპოლი შესანიშნავად გამოიყურება და გუნდის მთავარ ძალას სწორედ დაცვის ხაზი წარმოადგენს. ემპოლის 10 გოლი აქვს გაშვებული და ეს სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
როგორც დავწერეთ, დაცვის ხაზის ლიდერი გიგანტი ისმაილია, მის გვერდით კი ნამდვილი სიურპრიზი, საბა გოგლიჩიძე დგას, რომელიც საფეხბურთო სამყაროს საკუთარ თავს აცნობს. 2004 წელს დაბადებული ქართველი მოთამაშე რამდენიმე მატჩია ძირითად შემადგენლობაში იწყებს. გუნდში მოსვლისას, მას ძალიან ცოტა იცნობდა, ახლა კი მნიშვნელოვანი როლის მქონე ფეხბურთელია.
გოგლიჩიძე ქუთაისის ტორპედოს აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში, სადებიუტო შეხვედრა 2021 წლის ივლისში ჩაატარა. ემპოლის მისი გაფორმება ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან მჭედლიძემ ურჩია და საბა იტალიაში 2024 წლის იანვარში ჩავიდა. მისი დებიუტი გასულ სეზონში შედგა და მალევე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს.
გოგლიჩიძეს შეუძლია, როგორც 3-მცველიან, ისე 4-მცველიან ტაქტიკაში ითამაშოს. მან ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა და საკუთარი ფიზიკურობა და ხასიათი კარგად გამოიყენა. ერთადერთი ინტერთან შეხვედრა იყო, რომელშიც ანტიგმირი გახდა და მარკუს ტურამთან უხეშობის გამო, წითელი ბარათი მიიღო. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, ის ლეჩესთან დაბრუნდა და კარგი თამაში ჰქონდა, თუმცა, მოედანი ტრავმის გამო დატოვა.
მოკლედ, საბა გოგლიჩიძე ემპოლის სტილისთვის დამახასიათებელი რისკია, მაგრამ ის უკვე აჩვენებს, რომ შეუძლია, სერია A-ში მაღალ დონეზე ითამაშოს“, - წერს იტალიური გამოცემა.
ცნობისთვის, გოგლიჩიძის კარგი ასპარეზობა უყურადღებოდ არ დარჩენილა. იტალიური გაზეთების ინფორმაციით, მისით „იუვენტუსია“ დაინტერესებული და შესაძლოა, „ემპოლის“ წინადადებით მიმართოს.