იძულებითი ცვლილება - უკრაინელების კიდევ ერთი დანაკლისი
უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. უკრაინის ეროვნულ გუნდს ბათუმში ქართველებთან და ტირანაში ალბანელებთან შეხვედრაში კიევის „დინამოს“ მცველი ალექსანდრ ტიმჩიკი ვერ დაეხმარება, რომლის ნაცვლადაც სერგეი რებროვმა ლვოვის „რუხიდან“ ოლექსეი სიჩი გამოიძახა. 23 წლის მცველი ნაკრების დებიუტანტია და მას ქვეყნის უპირველეს გუნდში პირველად უხმეს.
უკვე რამდენიმე დღეა უკრაინელები თურქეთის ქალაქ ბელეკში იმყოფებიან და ბათუმში ხვალ გაემგზავრებიან, სადაც თამაშამდე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ, ხოლო შემდეგ სერგეი რებროვი მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს უკრაინელებთან აქამდე გამართული ათი მატჩიდან სამი ფრედ აქვს დასრულებული და შვიდი მარცხი განცდილი. ბათუმში აქამდე ჩატარებული ხუთი მატჩიდან კი „ჯვაროსნებმა“ 2 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.