რანიერი ადასტურებს - შეთანხმების პირობები ცნობილია
კლაუდიო რანიერის „რომას“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. Gazzetta Dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, 73 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ყველა უმცირეს დეტალზე შეთანხმება მიღწეულია და მუშაობას უახლოეს საათებში შეუდგება. პირობები ასეთია - სეზონის ბოლომდე რანიერი მთავარი მწვრთნელი იქნება, ხოლო მომდევნო წლიდან კლუბის სტრუქტურაში რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაინიშნება.
გამოცდილი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი „კალიარი“ იყო, საიდანაც წამოსვლის შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერას ასრულებდა. თუმცა, როგორც ჩანს, თავის ერთ-ერთ ყოფილ გუნდს უარი ვეღარ უთხრა და მუშაობა განაახლა. რანიერი „ჯალოროსოს“ ორჯერ, 2009-2011 და 2019 წლებში ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე გამართული 96 მატჩიდან რომაელებმა 53 მოიგეს, 24 ფრედ დაასრულეს და 23 წააგეს. ამ სპეციალისტის კარიერულ მწვერვალად კი „ლესტერში“ მუშაობის პერიოდი ითვლება, როდესაც მოკრძალებულ კლუბს ისტორიაში პირველად, 2016 წელს ინგლისის პრემიერ ლიგა მოაგებინა.
12 ტურში დაგროვებული 13 ქულით „რომა“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. რანიერი კი „მგლებში“ დაბრუნების შემდეგ პირველ შეხვედრას სავარაუდოდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ, 24 ნოემბერს, სტუმრად ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ჩაატარებს.