„ვლოცულობდი, რომ ეს დღე დამდგარიყო...“ - გოგა ბითაძე
„ორლანდო მეჯიქის“ ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ „ინდიანასთან“ შესანიშნავი თამაშის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
გოგას ჰკითხეს, რას გრძნობს ის, როდესაც ხედავს, თუ რა პროგრესი განიცადა მან „ორლანდოში“ გადასვლის შემდეგ, რაზეც ბითაძემ განაცხადა, რომ ვარჯიშებისადმი მიდგომა არ შეუცვლია და უბრალოდ სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან ეს მომენტი დადგებოდა.
გოგა ბითაძე:
„მე გავაგრძელე მუშაობა, მჯეროდა ღმერთის და იმის, რომ ყველაფერი მის მიერ შერჩეულ სწორ დროს ხდება. ვლოცულობდი, რომ ეს დღე დამდგარიყო, მომცემოდა თამაშის შანსი და დამემარცხებინა ყოფილი გუნდი. „ინდიანას“ დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა. არ ვაჭარბებ, ამისთვის ვლოცულობდი და ეს ღმერთის მიერ შერჩეულ სწორ დროს მოხდა, თითქმის 3,5 წელი. ჩვენ ბოლო თამაშებში „ინდიანა“ რამდენჯერმე დავამარცხეთ. ყველაფერი კარგად მიდის.
მესამე ორმაგი დუბლი? ეს მწვრთნელების დამსახურებაა - ისინი გულახდილად მეუბნებიან, როდესაც რამეს არასწორად ვაკეთებ. ჩემი მხრიდან არაფერს ვაკლებ, ვმუშაობ საკუთარ თავზე, იდეალური არავინაა და მეც ყველა ასპექტზე მუშაობა მჭირდება“.
შეგახსენებთ, რომ „ორლანდომ“ „ინდიანა“ 94:90 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი ბითაძეს მიუძღვის, რომელმაც 12 ქულის, 12 მოხსნისა და 1 ასისტის დაგროვებით წლევანდელ სეზონში ორმაგი დუბლი ბოლო 5 შეხვედრაში მესამედ შეასრულა.
7 მოგებითა და 6 წაგებით “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძე და მისი თანაგუნდელები 16 ნოემბერს, “ფილადელფიასთან” გამართავენ.