FIFA ვიდეო რეფერის სისტემაში ცვლილებებს გეგმავს - რა შეიცვლება VAR-ისთვის?
ვიდეო რეფერის სისტემის მიმართ უკმაყოფილებას ბევრი გამოხატავს. არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებზეც როგორც ჩანს, FIFA უკვე მუშაობს და მალე შესაძლოა ამ მიმართულებით სიახლეებიც იყოს.
ESPN-ის ცნობით, FIFA ვიდეო რეფერის მუშაობის მხრივ სიახლეებს გეგმავს. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამერიკული გამოცემა ინფორმაციას პიერლუიჯი კოლინაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რა სიახლეს უნდა ველოდოთ? VAR-ის გამოყენების მოთხოვნის უფლება შესაძლოა გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ. მათ შეხვედრის მსვლელობისას ექნებათ რამდენიმე შესაძლებლობა, რომ მსაჯს კონკრეტული საკამათო ეპიზოდის გადახედვა მოსთხოვონ. თუ, არბიტრი ვიდეო რეფერის გამოიყენებს და საბოლოო გადაწყვეტილება მაინც უცვლელი დარჩება, ასეთ შემთხვევაში მწვრთნელი იმ შეხვედრაში VAR-ის გამოყენების მოთხოვნის უფლებას დაკარგავს.
როგორც ხდება ხოლმე, თავიდან ამ ინოვაციას დაბალ ლიგებში გამოცდიან, რის შემდეგაც თუ მოწონებას დაიმსახურებს, უკვე მაღალ დონეზეც გამოიყენებენ.
სხვა სახეობებში სად გვხვდება მსგავსი წესი? ეგრეთწოდებული „ჩელენჯი“ ჩოგბურთში, რომელსაც თავად მოთამაშეები იყენებენ. ასევე წესი აქტიურად არის დანერგილი კალათბურთსა და ჰოკეიშიც.