ლევან კობიაშვილი, ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

„ბოლო წლებში ქართულმა მხარემ დიდი სამუშაო გასწია“ - ინფანტინოს და ჯორკაეფის კომენტარები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი სფფ-ის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად თბილისის მასშტაბით საფეხბურთო ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ფიფას პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საქართველოში მის საქმიან ვიზიტზე ისაუბრა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეფექტურ მუშაობას გაუსვა ხაზი. ინფანტინო ამბობს, რომ ფიფას მიერ გამოყოფილი თანხა ქართული მხარის მიერ სწორი მიმართულებით იხარჯება. ასევე, მან საქართველოსა და სომხეთში U20 მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შანსებზეც ისაუბრა.

რა თქვა ჯანი ინფანტინომ:

„ძალიან სასიამოვნოა თბილისში და საქართველოში ყოფნა, სადაც ჩემს ძვირფას მეგობარს, ლევანს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრებს შევხვდი. ძალიან მოხარული ვარ აქ ჩამოსვლით, რადგან ჩემი თვალით ვნახე ის შესანიშნავი სამუშაო, რომელიც ლევანის ხელმძღვანელობით ფეხბურთის ფედერაციამ შეასრულა. ეროვნული ნაკრების შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირება და გავლა და შემდეგ ჯგუფიდან გასვლა, რამაც მთელი ქვეყანა სიამაყით აღავსო, შესანიშნავი იყო. თუმცა, მსგავსი რამ შემთხვევით არ ხდება. ეს იმ თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტმა და მთლიანმა ფედერაციამ გასწია“.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ზუსტად იცის რა მიმართულებით დახარჯოს ის თანხები, რომელსაც უეფა და ფიფა უგზავნის. საქართველოს საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაც შეუძლია, რაც 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარებით ვიხილეთ“.

„რა თქმა უნდა, ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ვნახო როგორ შეუძლია საქართველოს უმასპინძლოს და დააორგანიზოს სხვადასხვა ტურნირები და ღონისძიებები. იმ ინფრასტრუქტურით რომელიც აქ ვიხილე, თქვენ საერთაშორისო ტურნირების ჩატარება მარტივად შეგიძლიათ. ლევანსაც სწორედ ის ვუთხარი, რომ ჩვენ აქ მთელი მსოფლიოდან ბევრი ვიზიტორი უნდა ჩამოვიყვანოთ, რათა ნახონ ის სამუშაო, რაც ფედერაციამ შეასრულა“.

„ამ პატარა ქვეყანაში იმასაც ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება ქალთა ფეხბურთი, ისევე როგორც მამაკაცთა. და ეს მხოლოდ იმის გამო არ ხდება, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები გყავთ, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რაც აქ გატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თქვენ წარმატებით უმასპინძლეთ ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატს. ახლა კი დიდი ინტერესით ველოდები იმ განხილვებს, რაც ფიფას 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შესაძლო მასპინძლობას ეხება“.

ჯანი ინფანტინოსთან ერთად, საქართველოს ფიფას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და ლეგენდარული ფეხბურთელი, იური ჯორკაეფიც ეწვია, რომელმაც ჩვენი ქვეყნისა და ქართული ფეხბურთის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

იური ჯორკაეფი:

„საქართველოში პირველად ვიმყოფები და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია ფრანგი ვარ და საფრანგეთში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა ჩემი ფესვები სომხეთიდანაა. საქართველო და სომხეთი კი მოძმე ერია. მნიშვნელოვანია, რომ აქ ფიფას პრეზიდენტთან ერთად ჩამოვედი, რათა ჩვენი თვალით ვნახოთ და მსოფლიოსაც გავაგებინოთ, თუ როგორ ვითარდება საქართველოში ფეხბურთი. ფიფასთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც პატარა, მაგრამ კიდევ ერთი ქვეყანა განვითარდა საფეხბურთო თვალსაზრისით. ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ თქვენი ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლია, ის დიდებულ სამუშაოს ასრულებს, და ვფიქრობ ის გუნდურობა რაც თქვენ როგორც ნაკრებმა ისე მთელმა ქვეყანამ და გულშემატკივრებმა აჩვენეთ შესანიშნავი იყო. თქვენ მსოფლიოს ქართველი ფეხბურთელები, ქართული მენტალობა და ქართველი გულშემატკივრები გააცანით, ამით კი ევრო 2024-ზე გერმანიაში ყველასთვის კარგი გარემო შექმენით“.

საგულისხმოა, რომ ჯანი ინფანტინო საქართველოში წარსულშიც ყოფილა, თუმცა ფიფას პრეზიდენტობის პერიოდში ის ჩვენს ქვეყანას პირველად ეწვია. ინფანტინომ აღნიშნა, რომ ფიფა ქართული ფეხბურთის მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები